Thursday, December 24, 2009

ნარკომანია და საბანკო კრედიტები...

ნარკოვითარების 2009 წლის წლიური ანგარიშის მონაცემების მიხედვით საქართველოში წამალდამოკიდებული ადამიანების რიცხვი გაიზარდა. დღესდღეობით, საქართველოში 80 ათასამდე ინტრავენური მომხმარებელია. სიცოცხლეში ერთხელ მაინც, ნარკოტიკული ნივთიერება 270 000–მდე ადამიანს გაუსინჯავს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე ნარკოტიკების მოხმარებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ვითარდება ნარკოტიკული საშუალებების არასამედიცინო მიზნით მოხმარების შედეგად. ნარკოტიკი სპეციფიკურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

გოგამ წამლის მოხმარება 17 წლის ასაკში დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, მშობლებმა ის ლენინგრადში უმაღლესი განათლების მისაღებად გაგზავნეს. რამდენიმე თვის შემდეგ, გოგა აღმოჩნდა ისეთ სამეგობრო წრეში, სადაც „ყაყაჩოს მოხარშვა“ და მისგან გემრიელი „პეროგის“ და „ბულკის“ დამზადება კარგ ტონად მიიჩნეოდა. ეგრედ წოდებული, „პლანიდან“ მეგობრები ნარკოტიკის ინტრავენურ მოხმარებაზე გადავიდნენ. სულ მალე, ისტორიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს, გოგას, წამლის გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლო. ის ახლა 40 წლისაა და ერთ–ერთ ნარკოლოგიურ კლინიკაში, უკვე მეორე წელია, მეტადონის პროგრამაშია ჩართული.
36 წლის მამუკასთვის კი ყველაფერი 30 წლის ასაკში დაიწყო. ის სამუშაოდ თურქეთში წავიდა, მაგრამ მუშაობის ნაცვლად ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი გახდა. მამუკა მკურნალობას ჯერჯერობით არ აპირებს და დროდარდო სახლიდან ისეთი ნივთები გააქვს, რომელთა გაყიდვის შემდეგაც მეგობრებთან ერთად „კაიფობს“.
თბილისის ერთ–ერთი საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში 24 წლის გიორგი მკურნალობს, რომელსაც დიაგნოზად ცენტრალური ნერვული სისტემის ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შედეგად განვითარებული მეტყველების მოშლა დაუდგინდა. გიორგი ვერ საუბრობს და, ქვედა ყბის ნერვის დაზიანების გამო, ვერც ჭამს. ის უკვე 7 წელია ნარკოტიკების მომხმარებელია. ოჯახის ნათესავის თქმით: „16 წლის გიორგის მშობლები ყოველდღიურად 300 ლარით აფინანსებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ კი მის ირგვლივ ისეთი ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალებების მიღება ცხოვრების წესად ქონდათ გადაქცეული“. 20 წლის ასაკში გიორგიმ შეყვარებულის დახმარებით მავნე ჩვევას თავი დაანება, მას შვილიც გაუჩნდა. მაგრამ 2 წლის წინ კვლავ დაიწო ნარკოტიკების მიღება და დღესდღეობით რთულ მდგომარეობაში იმყოფება.

ნარკოლოგიური ცენტრის ფსიქოთერაპევტის მანანა სოლოღაშვილის თქმით: „წამალზე მიჩვევის შემდეგ, თავს იჩენს ძლიერი ტკივილი, უძილობა, გადაღლა, უსაფუძვლო შიშები და შფოთვა, უმადობა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, ნარკოტიკის დაუძლეველი სურვილი“.
გარდა იმისა, რომ წამალზე დამოკიდებულება ადამიანს როგორც ფსიქიკურად, ასევე ფიზიკურად ანადგურებს, მომხმარებლები ასევე გამოირჩევიან სარისკო ქცევებითაც. 5–6 ადამიანი, ხშირ შემთხვევაში, ეგრედ წოდებული „საძმო შპრიცით“ იკეთებს წამალს, რაც ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიცაა: ტუბერკულოზი, შიდსი,C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი და სხვა.

ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველო“ და დამოუკიდებელმა კვლევითმა ცენტრმა „ალტერნეტივა ჯორჯიამ“– 2008 გამოაქვეყნა კვლევა „ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში სარისკო ქცევებთან“ დაკავშირებით. კვლევაში მონაწილე 100 წამალდამოკიდებული ადამიანიდან 71%–მა, ცხოვრების მანძლზე, შპრიცის ან საინექციო ინსტრუმენტების გაზიარების გამოცდილება დაადასტურა.

2008 წლის მონაცემები აივ შიდსის განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 60% ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით; 33% ჰეტეროსექსუალური კონტაქტებით. შიდსის ცენტრში ჩატარებული 32,244 აივ ტესტირებული პაციენტიდან 351 ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი იყო.

2009 წლის მონაცემებით, აივ ინფიცირების გავრცელების მიხედვით თბილისი 546 შემთხვევით პირველ ადგილზეა. აჭარის რეგიონში 243 შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო 270 ადამიანია აივ შიდსით დაავადებული, ხოლო იმერეთში 220. სხვა რეგიონებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100–ზე დაბალია.
აფხაზეთიდან დევნილი, 40 წლის გოგა, თავდაპირველად, შპრიცის „გაზიერებაზე“ არ ამბობდნენ უარს, მაგრამ მკურნალობის დაწყების შემდეგ (2 წელია) ნარკოტიკის ინტრავენურ მოხმარებას თავი დაანება. 36 წლის მამუკა კი, ჯერ კიდევ, „საძმო შპრიცით“ სარგებლობს. გოგა აღნიშნავს, რომ ნარკომანიისგან რომ თავი დააღწიოს სჭირდება მშვიდი გარემო და კარგი სოციალური მდგომარეობა: „მუშაობა არ შემიძლია, ნახევარი ლიტრის აწევა ჩემთვის მაქსიმუმია. მთავრობისგან დახმარებას ველოდები დიდი ხანია, მით უმეტეს აფხაზეთიდან დევნილიც ვარ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ რაიმე შეღავათები გამიწიონ 14 000 ლარით დამაჯარიმეს – უკანონოდ მიშენებული აივანი გაქვსო“. მამუკა ამბობს: „წამალზე თავის დანებება მინდა, მაგრამ „ლომკა“ როცა მეწყება მხოლოდ ნარკოტიკის შოვნაზე ვფიქრობ. საშინელ მოუთმენლობას ვგრძნობ, ვნერვიულბ და, ასეთ დროს, ყველაფერზე წამსვლელი ვარ".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცენებით 2008 წელს ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის სფეროში ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 9151 პირის მიმართ. ამათგან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 2817 ადამიანს.

ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ნაკვლევი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული დღემდე, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ღირებეულებათა ცვლილებისა და მეორე მხრივ, ეკონომიკური განვითარების როლი ნარკობაზრის ტრანსფორმაციაზე.
კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ, თუ ნარკოგამსაღებელი, ტრადიციულად, საქართველოში მოიაზრებოდა, როგორც დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი, წარუმატებელი, დასაძრახი და სამარცხვინო, ამჟამად საზოგადოებრივ წარმოდგენებში იგი ფიგურირებს, როგორც წარმატებული ადამიანი, რომელსაც ჰყავს პრესტიჟული მანქანა, აქვს სამსახური, სახლი და სხვა.
კვლევის მიხედვით საბანკო კრედიტების სისტემის შემოღებასთან ერთად, მათთვის გაადვილდა ნარკოტიკული საშუალებების შესყიდვა კრედიტის აღების ხარჯზე, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი უმუშევარი არ არის. მომხმარებლები იღებენ იმდენ ნარკოტიკს, რომ მისი გასაღების ხარჯზე კრედიტი დააბრუნონ, რაც მატ ნარკოგამსაღებლების სტატუსში გადასვლას განაპირობებს და კრიმინალური პასუხისმგებლობის სუბიექტად ხდის.

გოგა მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელია. 24 წლის გიორგის მამასაც კერძო ბიზნესი აქვს. მამუკა კი დაბალი სოციალური წრიდანაა. ისინი ახალგაზრდებს, სკოლის ასაკის ბავშვებს მოუწოდებენ, რომ ცხოვრებაში არასოდეს გასინჯონ ნარკოტიკი. გოგა: „ერთხელ გასინჯვიდან იწყება ყველაფერი, რასაც ჯოჯოხეთური ტკივილები, დაუძლეველი სურვილი ნარკოტიკის მიმართ და, რაც მთავარია, საზოგადოების ცივი დამოკიდებულება მოსდებს. ბავშვებს ვეტყვი, რომ ბოლო დროს, საშინელი შხამქიმიკატები შემოდის, რომლთა ფასიც ძალიან დაბალია და ადამიანის ჯანმრთელობას 2 წელიწადზე უღებს ბოლოს“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც 16 წლამდე 469 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოკითხულთა 41%–ს მიაჩნია, რომ მარიხუანას რეგულარული მოხმარება მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ამ ასაკის მოზარდების 17%–ს კი ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუხმარია მარიხუანა.

სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ექსპერტი ინფორმაციისა და პრევენციის დარგში, დარეჯან ჯავახიშვილი, აღნიშნავს, რომ „ნარკომანიასთან მიმართებაში აუცილებელია, სტაციონარები, სარეაბილიტაციო ცენტრები, ზიანის შემცირების პროგრამები, პრევენცია ანუ პროფილაქტიკა. პირველ რიგში ოჯახი, განათლების სისტემა, პედაგოგები უნდა იყვნენ მოზარდების მიმართ ყურადღებიანი. ეს უნდა იყოს მულტიდისციპლინარული მიდგომა. დაბალანებული ეროვნული სტრატეგია. უნდა იყოს მოთხოვნის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებები“.

საზოგადოება ხშირად სვამს კითხვას: ინკურნება თუ არა ნარკომანია? ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ზურა სიხარულიძე აღნიშნავს, რომ „ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა. იგი არ ინკურნება. ნარკომანია რემისიაში გადადის და ასე ვთქვათ, თვალს ეფარება. შეიძლება, ნარკომანი მოცემულ მომენტში ნარკოტიკს არ მოიხმარდეს, მაგრამ ის მაინც დაავადებულად რჩება. ნებისმიერ მომენტში, თუნდაც სტრესული მდგომარეობის დროს შეიძლება, დაავადება კვლავ აღმოცენდეს და ნარკომანმა ისევ დაიწყოს წამლის მოხმარება“.

21 წლიანი წამალდამოკიდებულების შემდეგ გოგამ მკურნალობა დაიწყო. მას სტიმული მისმა 13 წლის ქალიშვილმა მისცა: „ახლობლებისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ისე არ აღმიქვამენ, როგორც დამნაშავეს და ეს ფსიქოლოგიურად ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ის, რომ ცოლი, შვილი და მშობლები ჩემს გვერდით არიან, ის რომ ძმაკაცმა მანქანა მაჩუქა, ის რომ საახლობლოში ისე აღარ მიყურებენ, როგორც კეთროვანს, ჩემთვის დიდი ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა“. მამუკა კი ცოლმა და შვილმა მაშინ მიატოვეს, როცა მისი ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებ გაიგეს: „დედა ავადაა და და როცა წამალს ვერ ვშოულობ და ვყვირი ძალიან განიცდის. ახლობლები მერიდებიან, იციან წამალზე რომ ვარ და ჩემთან ურთიერთობა არ უნდათ. ბიძაშვილი მყავს სალომე, რომელიც ეკლესიურია. ერთადერთი, ეგ მექცევა ადამიანურად. უნდა მამაოსთან მიმიყვანოს. მეც ძალიან მიჭირს, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, რაღაც უნდა გავაკეთო და ამ კოშმარს თავი დავაღწიო“.

ნარკომანიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება რომ შეიცვალოს ამისათვის სხვადასხვა სახის ტერეინინგები ტარდება, ზურა სიხარულიძე აღნიშნავს, რომ „ბოლო დროს შეიცვალა შეხედულება ნარკომანიის მიმართ, მაგრამ ისე არა, როგორც საჭიროა. საზოგადოების ინფორმირება აუცილებელია, მაშინ თითქმის მთლიანად შეიცვლება ის დამოკიდებულება, რაც დღეს საზოგადოებას ნარკომანების მიმართ აქვს. ნარკომანები ავადმყოფები არიან, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა განკურნების სურვილი და დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან“.

2008 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წამოიყო მეთადონით ჩანაცვლების პროგრამა დამყარებული თანადაფინანსების პრინციპზე: სახელმწიფო უზრუნველყოფს პაციენტს მეთადონით, ხოლო პაციენტი რეგულარულად იხდის სერვისის საფასურც, რაც თვიურად 150 ლარს უდრის. 2009 წლი დასაწყისისათვის ამ პროგრამაში ჩართული იყო 552 პაციენტი, მოლოდინის სიაში კი 330 პირი ირიცხებოდა. საქართველოში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია 2005 წელს დაინერგა.

ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართული პაციენტების დღიური დოზა 60–70 მილიგრამამდეა. არიან პაციენტები, რომლებიც ინდივიდუალური საჭიროებისათვის 120–140 მილიგრამს ღებულობენ. სისტემატიურად ტარდება პაციენტთა მონიტორინგი (შემოწმება) სხვა ნარკოტიკული საშუალებების მიღებაზე. პაციენტთა პროგრამიდან გარიცხვა იშვიათია და ძირითადად, განპირობებულია რეჟიმის უხეში დარღვევით. მაგალითად ცენტრიდან მეთადონის არალეგალურად გატანის მცდელობა.

2009 წლის სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ნარკოტიკებზე ინფორმაციის საკოორდინაციო სამსახურის წლიურ ანგარიშში საუბარია ჩანაცვლებითი თერაპიის ზედმეტად სიმკაცრესა და მოუქნელობაზე: პაციენტები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ცენტრში წამლის მისაღებად; დაშვებული არ არის სტაბილური პაციენტებისთვის სახლში თუნდაც ერთი დღის ულუფის გატანება; ექიმებსა და ექთნებს ყოველდღიურად უწევთ დიდი რაოდენობის დოკუმენტაციის შევსება; პროგრამები ვერ სთავაზობს პაციენტებს ქმედით ღონისძიებებს სოციალური რეაბილიტაციისთვის: დასაქმება, პროფესიული მომზადება–გადამზადება, რაც განპირობებულია ქვეყანაში სოციალური რეაბილიტაციის მექანიზმის განუვითარებლობით.

ჯანა ჯავახიშვილი აღნიშნავს: „ეს დაავადება რთულია იმ თვალსაზრისითაც, რომ მოტივაცია თავი დაანებოს წამალს, ძალიან დაბალია. წამალდამოკიდებული ადამიანი მიდის სამკურნალოდ, მაგრამ სინამდვილეში თავის დანებების მიზნით კი არა, არამედ, ძალიან ხშირად, დოზის დაგდების მოტივაციით“.

2008 წელს სახელმწიფომ 25 მილიონი ლარი ქუჩის ნარკოტესტირების ჩასატარებლად გამოყო. საპატრულო პოლიცია ქუჩაში მიმავალ საეჭვო გარეგნობის პირებს აჩერებდა და შესამოწმებლად ნარკოლოგიურში მიჰყავდა. ამ გარემოებამ საზოგადოებაში სხვადასხვა სახის გამოხმაურება ჰპოვა. ანალიზები ნარკოტიკულ ნივთიერებას თუ დაადასტურებდა, მომხმარებელს პირველ ჯერზე ფულადი თანხით აჯარიმდებდნენ. განმეორების შემთხვევაში კი აპატიმრებდნენ. გოგა საპატრულო რეიდების დროს 30 დღის განმავლობაში 17–ჯერ აღმოჩნდა შემოწმებაზე. რადგანაც მას მეტადონის გარდა სხვა ნარკოტიკი არ დაუფიქსირდა 17–ჯერვე ყოველგვარი ჯარიმის გარეშე გაუშვეს. გოგა იხსენებს: „მოსამართლემ პოლიციელს უთხრა, ბოლოს და ბოლოს მე ვცნობ ამ კაცს და თქვენ რით ვერ დაიმახსოვრეთ, რაღას მოგყავთ შემოწმებაზეო“. გოგა ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიცია ძალიან უხეშად იქცევა ადამიანის ნარკოტესტირებაზე წაყვანის დროს: „აი, ნახავ ანალიზი სხვა ნარკოტიკსაც „ამოგიგდებს“ და მერე სად წაგვიხვალ...“

დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“ ატარებს კვლევას, რომესაც ქვია „რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკოტესტირება“. პროექტი 2008 წლის სექტემბერში დაიწყო და 2009 წლის თებერვალში დასრულდება. კვლევის ერთ–ერთი ფაზა ასეთია: რისი მიღწევა შეიძლებოდა, თუ ის სახსრები, რაც იძულებით ტესტირებაზე იხარჯებოდა, ჩანაცვლებითი თერაპიის გაფართოებას მოხმარდებოდა“. კვლევითი ცენტრის დირექტორი დავით ოთიაშვილი აღნიშნავს, რომ „კვლევის ამ ეტაპზე დასტურდება, რომ ქუჩის ნარკოტესტირება არაეფექტური პროექტია, რომელშიც 25 მილიონი ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა მეტადონის ჩანაცვლებით პროგრამაში რომ დახარჯულიყო უფრო წაადგებოდა წამალდამოკიდებულ ადამიანებს“.

Tuesday, December 15, 2009

ინტერნეტომანია

დრო შეიცვალა და ამ ცვლილებას ფასეულობების გადაფასებაც მოჰყვა. გუშინ თუ წიგნის კითხვით საზოგადოებასთან უკეთ ამყარებდი კონტაქტს, დღეს ამას ინტერნეტით უფრო სწრაფად, მარტივად და დროისა და სივრცის სრული შეგრძნებით შეძლებ. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვირტუალურ დროს და სივრცეს ფეხი ჩვენი მშობლების თაობამაც აუწყო. თუმცა ხშირად ასეთი ფრაზებიც ისმის ხოლმე: „ვაიმე სადღაც დავიკარგე“.
ნამდვილად, ჩვენი მშობლების თაობა, რომლებსაც ხშირად „დაკარგული თაობის“ სახელითაც მოვიხსენიებთ, არაა გასაკვირი, რომ ინტერნეტის მეშვეობით თვითგამორკვევის გზას ადგას. თუმცა იმასაც არ ივიწყებენ, რომ წიგნის წაკითხვა თურმე მათ დროს აუცილებელი იყო და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ისინი ხომ საბჭოთა მრავალფეროვანი იდეებით იყვნენ დაპროგრამებულნი და თანამედროვე ანგლო–ბრიტანულ „ტოეფელებს“ ვეღარ ეგუებიან.
ვერ შეეგუებიან, იმიტომ რომ ისინი რუსეთში 25 მანეთად მიფრინავდნენ, ნაყინს მიირთმევდნენ და ისევ მოფრინავდნენ. ჩვენ კი, სანამ ვიზას გავაკეთებდეთ და ბიძია სოროსებისგან დაფინანსებას მივიღებდეთ, ერთი საუკუნეა საჭირო.
ერთი საუკუნის წინ კი რუსულსკოლაგამოვლილი ილია ჭავჭავაძეც გაიმეტეს სასიკვდილოდ, „დაკარგული თაობის“ ვაი–ვიში კი ამერიკანიზაციის ეპოქაში უსუსურია.
უსუსურობა ჩვენს თაობასაც არანაკლებ გვაწუხებს. შეიძლება არ დამეთნხმოთ, მაგრამ ღამის 3 საათამდე ვირტუალურ სამყაროში ხეტიალი მარტოსულობამდე ხომ არ მოგვიყვანს? ფაქტიურად, მეგობრობაც ვირტუალურ დონემდეა დასული. ასეთი ფრაზები ყოველ დღე გვესმის: ეს ამბავი ჩემი მეგობრის „პოსტიდან“ გავიგე. მეგობარი კი ამ შემთხვევაში გუშინ ან ერთი კვირის წინ „ფეისბუკზე“ დამატებული ადამიანი შეიძლება იყოს. ის მეგობარი კი, რომელთან ერთადაც 11 წელი სკოლის მერხზე ვიჯექით საერთოდ აღარ გვახსოვს.
მახსოვრობას თავი დავანებოთ, მაგრამ იმ ადამიანს, რომელიც თავალით არასდროს გვინახავს, მეგობრობას ვერასოდეს გაგვიწევს. მე იმას არ ვიძახი, ვირტუალური სამყარო, თანამედროვე ტეხნოლოგიები ცუდია მეთქი. ილიას თქმისაც არ იყოს „ცხოვრებასაც აქვს თავისი შემოდგომა და გაზაფხული, როგორც ბუნებას“. ალბათ ინტერნეტსაც დაუდგება მსგავსი „ბოლო ჟამი“, როცა მას ახალი „სასწაული“ ჩაანაცვლებს და მერე ჩვენი თაობა დაიწყებს შვილების რჩევა დარიგებას: შვილო ჩვენს დროს ინტერნეტი რა კარგი იყო, აი თქვენ კი თვალებს, ან იმ დროს როგორც იქნება, როგორ ტყუილად იფუჭებთ“.
ხო მართლა, თვალების გაფუჭებაზე გამახსენდა, შევხედოთ ერთმანეთს: ყველას თველებში გვეტყობა რამდენად „აფეისბუკებულ“, „ასკაიპებულ“, „აბლოგერებულები“ ვართ.
ამის ფონზე კიდე საკითხავია, „დაკარგული თაობა“ ჩვენს მშობლებს უფრო შეეფერებათ თუ ჩვენ, რა თქმა უნდა წლების შემდეგ და ასეთი სახელწოდებით: „ინტერნეტში გადაკარგული თაობა“.

Tuesday, November 17, 2009

Monday, November 2, 2009

თაღლითობის მსხვერპლნი

ბოლო დროს, საქართველოში ბინის გირაობასთან დაკავშირებით თაღლითურმა შემთხვევებმა იმატა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბინის იპოთეკურ გაფორმებასთან დაკავშირებით 355 სამოქალაქო სამართლის საქმეა აღძრული. 2008 წლის მონაცემების მიხედვით კი 517 საქმეა განხილული.
ბმული#1

რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეს, 68 წლის შალიკო ჯაგინიანს 4 წელია, ავტომანქანაში სძინავს. ის რამდენიმე წელი რუსეთში ცხოვრობდა. უცხოეთში ყოფნის პერიოდში მისი შვილის ნათლიამ, ისანი-სამგორის რაიონის გამომძიებელმა ინგა რობაქიძემ ნათესავი ნოტარიუსის, ლალი რობაქიძის დახმარებით შალიკო ჯაგინიანის ჟონეთის № 35-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და ორი ავტომობილი ყალბი საბუთების საფუძველზე იპოთეკით დატვირთეს. მათ შალიკო ჯაგინიანის მეუღლის, ფსიქიურად დაავადებული ანჟელა ჯაგინიანის მოტყუება ადვილად შეძლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ „თი–ბი–სი“ ბანკის მენეჯერმა ნიკა წერეთელმა პოლიციის მეშვეობით ანჟელა ჯაგინიანი და მისი შვილი ბინიდან გამოასახლა.

შალიკო ჯაგინიანი ამბობს, რომ „ბანკი და გამოძიება ჩემ წინააღმდეგ შეიკრნენ და ეს სიყალბე ნოტარიუსმა, ლალი რობაქიძემ დაადასტურა. ხუთი წელი ტყუილად არ მიბრძოლია. მე რუსეთის მოქალაქეც ვარ და ეს საქმე ”დუმა”-შიც განიხილება, საიდანაც მატყობინებენ, რომ ბინის დაბრუნების იმედი არსებობს. ევროპის სასამართლოშიც უნდა ვიჩივლო. იმიტომ არ მიშრომია, რომ ამ ხნის კაცს ავტომობილში მეძინოს“. ჯაგინიანმა კუთვნილი ავტომობილების დაბრუნება ორწლიანი ბრძოლის შემდეგ შეძლო. ბინა კი ამჟამად ჟურნალისტის, ციცინო ბოჭორიშვილის საკუთრებაა.

შალიკო ჯაგინიანი აღნიშნავს, რომ ინგა რობაქიძე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც თაღლითობდა. ამჟამად კი ძებნაშია და საზღვარგარეთ იმყოფება. რაც შეხება ლალი რობაქიძეს, ჯაგინიანის თქმით, მას უამრავი ყალბი საბუთი აქვს დამოწმებული და აღმაშენებლის № 77-ში ამჟამადაც ნოტარიუსად მუშობს.

2009 წლის 19 ოქტომბრის ”კურიერში” გასულ სიუჟეტში, რომელიც ჯგუფური თაღლითობის ფაქტზე მოგვითხრობდა, ლალი რობაქიძის გვარიც ფიგურირებს. 80 წლის გალინა კალინინსკაიას ბინა და საპენსიო მინდობილობა მოქალაქე გიორგი ტოგონიძემ ლალი რობაქიძის ოფისში გადაიფორმა. ”კურიერთან” რობაქიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: ”მოხუცს ვუთხარი, აი ხვალვე შეუძლია ეს ქონება გაყიდოს ან იპოთეკით დატვირთოს. სულ ქუჩაში რომ დაგტოვოს ამ ხნის ქალი რას აპირებ მეთქი. მაგრამ მან თქვა: სულ ერთია ყველაფერი მაინც მაგისიაო”. ნოტარიუსის ბიუროში საბუთებზე ხელის მოწერის შემდეგ კი მოხუცებული უცხო პიროვნებამ ქალაქგარეთ წაიყვანა და დატოვა.

რაც შეეხება ჯაგინიანების საქმეს, ხუთწლიანი სასამართლო დავის დროს 9 გამომძიებელი და 5 ადვოკატი შეიცვალა. დაზარალებულის ამჟამინდელი ადვოკატი ზურაბ კოპალიანი გაზეთ „კრიმინალის“ 2009 წლის 22 ივლისის ნომერში აღნიშნავს, რომ „თი–ბი–სი“ ბანკმა ჯაგინიანის საცხოვრებელი ბინა უკანონოდ გაასხვისა, რადგან მასზე ყადაღა იყო დადებული. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბანკმა ამის შესახებ ყველაფერი კარგად იცოდა. გამოძიება კი დამნაშავეებს მფარველობს” - აცხადებს კოპალიანი.

ნოტარიუსი ლალი რობაქიძე ჟურნალისტებთან კომენტარს გაურბის. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რობაქიძეს, ჯგუფური თაღლითობის ფაქტზე კალინინსკაიას საქმესთან დაკავშირებით, მედიასაშუალებების წარმომადგენლები კომენტარისთვის ხშირად მიმართავენ. ჯაგინიანების საქმეზე ნოტარიუსმა კომენტარის გაკეთება პრესსამსახურთან შეთანხმებით მოითხოვა, მაშინ როცა თავისივე კაბინეტში პირისპირ საუბრის საშუალება იყო. პრესსამსახურის ტელეფონის ნომრის მოწოდებაზე კი უარი განაცხადეს. რაც შეეხება თაღლითობაში მონაწილე ”თი-ბი-სი” ბანკის მენეჯერს, ნიკა წერეთელს, ბანკის ოპერატორის განცხადებით აღნიშნული სახელითა და გვარით ბანკში ამჟამად არავინ მუშაობს.

ჯაგინიანებს საქმე სასამართლოში აქვთ შეტანილი და ბინის დაბრუნების იმედი ჯერ არ დაუკარგავთ. 22 წლის თამთა გობაძე კი გირაოსთვის გადახდილ თანხას ვეღარ დაიბრუნებს. მან ნაცნობის, მერაბ დავითაძისგან ბინა 8 ათას დოლარად იგირავა. ერთი წლის შემდეგ კი კარზე უცხო ადამიანმა დაუკაკუნა და განუცხადა, რომ ბინა მისი იყო. თამთა გობაძის ნაცნობი იმ დროისთვის ნარკოტიკების მოხმარების გამო სასჯელს იხდიდა. ისიც გაირკვა, რომ დამნაშავეს საცხოვრებელი საერთოდ არ გააჩნდა. ხოლო ის ბინა, რომელშიც თამთა ერთი წელი ცხოვრობდა, რუსეთში მყოფი დავით ბრეგაძის იყო. დავით ბრეგაძე და მერაბ დავითაძე კურსელები იყვნენ და წლების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ. დავითის რუსეთში წასვლის შემდეგ კი მერაბმა მეგობრის ბინაში განაგრძო ცხოვრება. იმის გამო, რომ თამთა გობაძე ნაცნობს ენდობოდა, ბინის საბუთები და იპოთეკის გაფორმება არ მოუთხოვია. ნოტარიულად კი სესხის ხელშეკრულება გააფორმეს.

სესხის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში სასამართლო მსესხებელს დავალიანების გადახდას აკისრებს. ”პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფი”-ს იურისტის, მაია საგინაშვილის თქმით: ”მსესხებელს ყოველ გადაცილებულ დღეზე პროცენტის გადახდა ევალება. თუ მსესხებელი თანხას ამ შემთხვევაშიც არ გადაიხდის, სასამართლო მის მფლობელობაში ფიქსირებული უძრავი ქონების აუქციონზე გატანის ნებართვას გასცემს”. სესხის ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ სასამართლო დავა რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდება. - აღნიშნავს იურისტი.

საჯარო რეესტრის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კერძო პირებს შორის იპოთეკის გაფორმება 2009 წლის სექტემბერში საგრძნობლად გაიზარდა.ბმული#2
ასევე მაღალი მაჩვენებელი იყო 2008 წლის აპრილის თვეშიც. იმისათვის, რომ დროებით საცხოვრებელში მშვიდად იცხოვროთ და გადახდილი თანხაც უკან დაიბრუნოთ, საჭიროა: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ აღნიშნული ბინა ნამდვილად იმ ადამიანის სახელზეა ფიქსირებული, რომელთანაც ხელშეკრულებას აფორმებთ; ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ აღნიშნულ ქონებას ყადაღა არ ადევს; იპოთეკის ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმება; იპოთეკის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში გაფორმება.

საჯარო რეესტრში იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისათვის 4 დღეა საჭირო და 50 ლარი ღირს. თუმცა რეესტრს დაჩქარებული მომსახურებაც აქვს, რომლის საშუალებითაც ხელშეკრულების გაფორმება ერთი დღის ვადაში მოესწრება. დაჩქარებული მომსახურეობის საფასური 200 ლარია.


Thursday, October 22, 2009

ქართველი ინტელიგენცია პატრიარქის გვერდით

დღეს რესტორან ”ჯაზუში” ქართველმა მსახიობებმა და მომღერლებმა შეკრება გამართეს ლოზუნგით - ”პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეშია”.

ბოლო დროს აქტუალური თემა თავისუფლების ინსტიტუტის წევრის , თეა თუთბერიძის მიერ ერთ-ერთ სოციალური ქსელში Facebook-ში გავრცელებული პარტიარქის წინააღმდეგ აგორებული კამპანია გახდა. ამაზე პროტესტი ბევრმა გამოთქვა. მათ შორის, ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებმაც. მათი დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა. შეკრებას გურანდა გაბუნია, რეზო ესაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნინელი ჭანკვეტაძე და სხვვები ესწრებოდნენ.

”ეს პირველი შემთხვევა არ არის. ასეთი რაღაცა ადრეც მომხდარა. უბრალოდ თეა თუთბერიძე გახადეს სალაპარაკო. მე ეჭვი მეპარება, რომ ეს კამპანია ხელისუფლების მხრიდან მოდის. ალბათ, ეს ეშმაკის გამოცდა უფროა”,- აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ.

რეჟისორი რეზო ესაძის თქმით, ჩვენი სულიერი სიწმინდე შეურაცხყოფილია, რომლისთვისაც საქართველო საუკენების მანძილზე იბრძოდა: ”ამ ხალხს მართლმადიდებლური სარწმუნოების შერყევა უნდათ, მაგრამ მათ უნდა შევუნდოთ.ოღონდ ისე კი არა, რომ გავათავხედოთ, არამედ ისე, რომ მეორეჯერ ვეღარ გაბედონ ასეთი რაღაცის გაკეთება”.

მსახიობმა გურანდა გაბუნიამაც თავისი გულისტკივილი გამოხატა: ”გული მწყდება, რომ ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს ტკივილი მიაყენეს. ვინ არის თეა თუთბერიძე არც ვიცნობ და არც მაინტერესებს, უბრალოდ ვიცი, რომ ვინც ასეთ რაღაცას აკეთებს, ღმერთი აუცილებლად გადაუხდის სამაგიეროს.”

მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ შეხვედრაზე გასაშუქებლად მისულ Real-TV-ის ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცა და განაცხადა: ”ისეთ ტელევიზიას არ მივცემ ინტერვიუს, რომელიც გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე გურამ დოდნაძისაა. აქ იმიტომ მოვედი, რომ ვფიქრობ, პატრიარქის წინააღმდეგ შეურაცხყობის პროტესტი ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა. მთავრობამ ძალიან კარგად იცის, რომ საზოგადოებას თუ ვინმეს იმედი აქვს, ეს არის პატრიარქი და ეკლესია”.

საინფორმაციო სააგენტო ”მედიანიუს”-მა კი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრიარქთან დაკავშირებული განცხადება გაავრცელა, მასში ნათქვამია, რომ პრეზიდენტისთვის მიუღებელია ამგვარი ქმედებები და გამონათქვამები: ”ჩვენი აზრით, ეს არაეთიკური გამოხტომები ემსახურება საზოგადოების გახლეჩვას, პრეზიდენტის აზრით, ეკლესიის პროვოცირება და მისი ძალაუნებურად პოლიტიზირების მცდელობა საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესებს უწყობს ხელს”.

Wednesday, October 21, 2009

"TV-25"-ის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა


”თავისუფლება სიტყვას” - ამ ლოზუნგით დღეს საქართველოს პარლამენტის წინ რეგიონალური ტელევიზიის ”TV-25”-ის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. შეკრება საქართველოს რეგიონალური მედიის ასოცოაციის ინიციატივით ჩატარდა.

რეგიონალურ ტელეკომპანიას დახურვის საფრთხე იმის გამო ემუქრება, რომ საგადასახადოს ვალი აქვს, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაშიც კანონი უფლებას ანიჭებს სახელმწიფოს ტელეკომპანიის ქონება აუქციონზე გაიტანოს. ტელეარხს დავალიანება ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დაედო. მაშინ არხი სოსო გოგიტიძის მფლობელობაში იყო. საქმე რამდენიმე წლის მანძილზე სასამართლოში განიხილებოდა. 9 ოქტომბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ”TV-25”-ს 277 547 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დაეკისრა.

ტელეარხის ჟურნალისტი ლიზი თედორაძე აღნიშნავს, რომ ძველი დავალიანება უნდა ჩამოეჭრას და ახალი ვალის რესტრუქტურიზაცია მოხდეს: ”ვაპირებთ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას. საქმე შეიძლება სტრასბურგშიც წავიღოთ. ჩემი და ტელევიზიის მოთხოვნა არის ის, რომ გადასახდელი თანხის რაოდენობა ხელმეორედ შემოწმდეს”.

მხარდასაჭერ აქციას ჟურნალისტი ზვიად ქორიძეს შეუერთდა, რომელიც აღნიშნავს, რომ ”ტელეარხი 25 მართლაც დასაცავია. მათ ძალიან დიდი პრობლემა შეექმნათ და ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს ამის შესახებ, რადგანაც არხი იხურება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ირღვევა”.

აქციას ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მანანა ნაჭყებია აღნიშნავს: ”მიმაჩნია, რომ ”TV-25” პრობლემა არის ხელოვნურად შექმნილი. როდესაც ”რუსთავი 2” ანალიოგიურ სიტუაციაში იყო, ხელისუფლებამ დავალიანების გადახდის გადავადების საშუალება მისცა. იგივე უნდა გაკეთდეს სხვა ტელეკომპანიებთან მიმართებაშიც. ჩვენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ. ცოტა ხნის წინ ხომ ისინი გამოდიოდნენ იმის გარანტად, რომ იბრძოლებდნენ დემოკრატიის და თავისუფალი სიტყვის დასაცავად”.

ტელეარხ 25-ის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ ”მაესტრო”-ს ხელმძღვანელი მამუკა ღლონტიც იყო. ”საქართველოში თავისუფალი სიტყვა იზღუდება, ამიტომაც ჩვენ ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ. როგორ შეიძლება ”რუსთავი 2”-ის და ”იმედი”-ს ფონზე სახელმწიფო რაიმე გადასახადებზე საუბრობდეს?! ეს ხომ დიდი უნამუსობაა...” - აღნიშნავს მამუკა ღლონტი.

ტელეარხ 25-ს სოლიდარობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თვისუფალი პროფკავშირების წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს.

Tuesday, October 20, 2009

”ქართველთა ერთობის ტრაქტატს” ბესელიაც შეუერთდა

დღეს სამების საკათედრო ტაძარში პოლიტიკური პარტიის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა, ეკა ბესელიამ ”ქართველთა ერთობის ტრაქტატს” ხელი მოაწერა.
ტრაქტატი 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. მას პირველად თვით ილია მეორემ მოაწერა ხელი. როგორც მასში წერია, საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრებნი და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფნი ხელმოწერით აღუთქვამენ საქართველოს ერთგულებას და თანადგომას, რომ დაიცავენ ქვეყნის მიწა-წყალს და მის ღირსებას. ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველ ერს მოუწოდა ”ქართველთა ერთობის ტრაქტატისთვის” ხელი მოეწერათ. მსგავსი ”ივერიელთა ერთობის ტრაქტატი” თავდაპირველად 1790 წელს შეიქმნა.
ეკა ბესელიამ ტრაქტატზე ხელის მოწერის შემდეგ აღნიშნა: ”ამ ფიცით ჩვენ კიდევ ერთხელ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ერის მიწა-წყალს, თავისუფლებას და ღირსებას დავიცავთ და ვიბრძოლებთ მისთვის. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ყველას უნდა აერთიანებდეს პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად. ვფიქრობ, პატრიარქის ეს ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და დროული ნაბიჯია სამოქალაქო და ეროვნული თვალსაზრით”.
”ქართველთა ერთობის ტრაქტატს” სამების საკათერდო ტაძარში მისული მრევლიც აწერდა ხელს. ”ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს სიტყვები - გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, ისევე როგორც ჩვენს წინაპრებს უყვარდათ. ქართველისთვის უპირველესი მოვალეობაა ქვეყნის ერთიანობისა და ღირსების დაცვა. ამიტომ ერი და ბერი ამ იდეის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული” - აღნიშნა ვალერი ტეტუნაშვილმა.

თუმცა, ამ ტრაქტატზე ხელის მოწერას ბევრი შეეწინააღმდეგა. მათი აზრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურია: ”ჩემთვის ამ ტრაქტატზე ხელის მოწერა მიუღებელია და არც მოვაწერ. ქვეყნის აშენება სიმბოლოებით კი არა, რეალური საქმით უნდა შევძლოთ. ჩემი მონაწილეობა ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებასა და განვითარებაში გამოიხატება იმით, რომ ვაკეთებ ჩემს საქმეს. ამ ტრაქტატის შექმნა და მერე მასზე ხელის მოწერა დანაშაულად ნამდვილად არ მიმაჩნია. უბრალოდ, ეს იყო არასწორი ნაბიჯი, მეტი არაფერი”, - თქვა მოქალაქე თამაზ კუპრეიშვილმა.

Wednesday, October 7, 2009

მაესტრო შეიძლება დაიხუროს...

ტელეკომპანია მაესტროს დახურვის საფრთხე ემუქრება. ამასთან დაკავშირებით განცხადება არხის დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა გააკეთა ”ბოლო კვირეების განმავლობაში დაიწყო საკაბელო ტელევიზიების შევიწროება. ამას აკეთებს საქართველოში ძლიან ცნობილი ორგანიზაცია, რომელსაც მარეგულირებელი კომისია ჰქვია. დაიწყო დიდი საკაბელოების დაშანტაჟება. მე მომმართეს საკაბელოს უფროსებმა. მათ პირდაპირ აღნიშნეს ჩემთან საუბარში, რომ მათ შეპირდნენ ყველა პრობლემა გაუქრებოდათ თუ ისინი გამორთავდნენ მაესტროს ქსელიდან”.
ეს ამბავი ინტერნეტ ტელევიზიამ ITV-მ ვრცლად გააშუქა და ისიც აღნიშნა, რომ ”ტელეარხის თავისუფალი მაუწყებლობისთვის პრეზიდენტის მიერ გაეროს ტრიბუნიდან გახმიანებული გარანტიები და მარეგულირებელი კომისიის მიერ ორი თვის წინ გაცემული ლიცენზია როგორც ჩანს საკმარისი არ აღმოჩნდა”.
მაესტროს დახურვის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა ტელეკომპანიებმა ”რუსთავი2”-მა, ”იმედმა” და ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” არ გააშუქა მაშინ როდესაც, პრესკონფერენციას აღნიშნული ტელეკომპანიების ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.
”მაესტრო”-ს დახურვის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ”კავკასია”-მაც გააშუქა.

ექვსი მოტეხილობა, ჩამტვრეული კბილები, მრავალმხრივი დაჟეჟილობა... ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც გიორგიმ გაიხსენა. სკეიტბორდი 21 წლის სტუდენტის ბავშვობისდროინდელი გატაცებაა. თუმცა სპორტის ეს სახეობა საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია. გიორგის თქმით, თითზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც სკეიტბორდით არიან დაინტერესებული. ”წელს დედაენის ბაღში სკეიტბორდის მოედანი გავაკეთებინეთ, ეს დიდი მიღწევაა ჩვენთვის, სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ ეს საქმე პროფესიულ დონეზე აკეთონ”-ამბობს გიორგი.
გიორგის მეგობარი თაზოც სკეიტბორდით არის გატაცებული. ის თავის მეგობარს სკეიტბოტდის დაფით ხშირად დაყვება. ”სპორტის ეს სახეობა ძალიან მომწონს და მინდა კიდევ უფრო მაგარი ილეთები დავამუღამო” - ამბობს თაზო.
იმისათვის რომ სკეიტბორდით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს გიორგი მეგობრების დახმარებით ინტერნეტ საიტის გაკეთებას აპირებს.
ქართველი სკეიტბორდელების საქმიანობას საზოგადოება ნაკლებად იცნობს. საინტერესოა სამართალმცოდნეობის სტუდენტის სკეიტბორდით დაინტერესება მხოლოდ ჰობია თუ კიდევ ერთი პროფესია. რა პერსპექტივები და ხელშეწყობა არსებობს სპორტის ამ სახეობასთან დაკავშირებით და თუ არსებობს სკეიტბორდის ფედერაცია საქართველოში... :-) :-)

Tuesday, October 6, 2009

მოლაპარაკებები გალის რაიონში
ხუთმრივი შეხვედრა გაიმართა გალის რაიონში ინცინდენტის პრევენციისა და და მათზე რეაგირების მექანიზმის შემუშავების ფარგლებში. შეხვედრას ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხუთმხრივი შეხვედრის დროს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის მასალები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო თუ რომელი მხარე არღვევდა ტერიტორიულ ფარგლებს. თუ რა სახის ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. ეს ფმოვლენა საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში ”კავკასიამ” გააშუქა, რომელიც ღნიშნავს რომ ”ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებში ასახულია, თუ როგორ არღვევს რუსული მხარე საჰაერო სივრცეს”. რადიო ”თავისუფლების” 7 ოქტომბრის დილის გამოშვებაში აღნიშნავენ, რომ ”კონკრეტული შედეგის მიღწევა ვერც ამჯერად მოხერხდა”. ამ ფაქტს 6 ოქტომბრის ”რუსთავი 2-ის საღმოს საინფორმაციო გამოშვება არ გამოხმაურებია. რიგით მეექვსე შეხვედრას საქართველო მხრიდან შინაგან საქნეთა სამინისტროს წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი ესწრებოდა, რომელიც აღნიშნავს, რომ ”მხარეებს შორის დისკუსია ისევ გრძელდება”.
ეს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაა. დილის 9 საათია. ცენტრალურ მოედნებზე მოძრაობა სტარტს იწყებს. გარემოვაჭრეები საქონლის დალაგებას იწყებენ. ქუჩებიც სუფთაა. ამ დროისათვის ფეხითმოსიარულეთა, გარემოვაჭრეთა და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს შორის ურთიერთობა ჰარმონიულია...

ეს ვიდეო კი საღამოს 6 საათზეა გადაღებული. პიკის საათიდან ამ დრომდე ცენტრალურ მოედნებზე მოძრაობა გადატვირთულია. ამ დროს ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, ქუჩის არასწორად გადაკვეთა, გარემოს დაბინძურება ნარჩენი პროდუქტებისგან და გარემოვაჭრეთა აგრესია ვიდეოკამერის დანახვის გამო, რაც ჩემს შემთხვევაშიც დაფიქსირდა. ფეხით მოსიარულეები აღნიშნავენ, რომ გარემოვაჭრეთა მომრავლება ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილებას აფერხებს, თუმცა იმ აზრსაც აფიქსირებენ, რომ ისინი სამუშაოს გარეშე არ უნდა დარჩნენ. მათ უნდა გამოეყოთ ადგილი, სადაც მუშაობას შეძლებენ. საინტერესოა რა ღონისძიებებს ატარებს თბილისის მერია ცენტრალურ მოედნებზე მოძრაობის მოსაწესრიგებლად და გარემოვაჭრეთა შესაბამის ადგილზე გადასაყვანად. ამ თემის ირგვლივ ვიმუშავებდი. გავაკეთებდი ქუჩის გამოკითხვას, გავიგებდი გარემოვაჭრეთა აზრს, მერიის წარმომადგენლისგან გავიგებდი თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

Monday, October 5, 2009

თაღლითობის მსხვერპლი...

ის, რაც მე შემემთხვა არც თუ ისე ადვილად დასაწერია... ჩემთვის უცნობ ქალაქში სულ მარტო ჩამოვედი და დავიწყე ბინის ძებნა, რომელშიც ორ მეგობარ გოგონასთან ერთად დავიწყებდი ცხოვრებას. ბინა ერთი შეხედვით, მარტივად ვიპოვე და როცა მეგონა რომ ყველაფერი მოგვარებული იყო, ზუსტად მაშინ დაიწყო პრობლემები. გირაოსთვის წინასწარ გადახდილი მცირეოდენი თანხა არც თუ ისე მნიშვნელოვანია, თუმცა სტუდენტური ”ავლადიდებით” ღია ცისქვეშ დარჩენა ადვილი არ იყო. მოხდა ისე, რომ ბინის პატრონმა ბოლო ერთი საათის განმავლობაში შეხედულება შეიცვალა და გვითხრა, რომ ბინა რამდენიმე წუთის წინ დააგირავა. გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნებია და გვთავაზობს სხვა ბინის ქალაქის გარეუბანში აღებას.
გავიგე, რომ მსგავსი შემთხვევები ამ ქალაქში ბევრი ყოფილა. მაინტერესებს ამ თემის ირგვლივ მუშაობა. იურისტებთან გასაუბრება და რჩევები თუ როგორ უნდა მოიქცეს ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ბინის გირაობას გადაწყვეტს. ჩემს ბლოგს რამდენიმე ადამიანი მაინც წაიკითხავს და ისეთი პრობლემა აღარ შეექმნება, როგორიც მე მაქვს.

Monday, September 28, 2009

P1120085


P1120085
Originally uploaded by honia87
kik
აქ რა ხდება დიდად ვერ გავიგე, მაგრამ ხეების ჭრის რაგაც ამბავი არის...
ეს რა ამბავი ყოფილააა.... ხეებს იმიტომ ხომ არვ ჭრიან, რომ საზამთროდ შეშ მოიმარაგონ?... :-)