Thursday, December 24, 2009

ნარკომანია და საბანკო კრედიტები...

ნარკოვითარების 2009 წლის წლიური ანგარიშის მონაცემების მიხედვით საქართველოში წამალდამოკიდებული ადამიანების რიცხვი გაიზარდა. დღესდღეობით, საქართველოში 80 ათასამდე ინტრავენური მომხმარებელია. სიცოცხლეში ერთხელ მაინც, ნარკოტიკული ნივთიერება 270 000–მდე ადამიანს გაუსინჯავს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე ნარკოტიკების მოხმარებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ვითარდება ნარკოტიკული საშუალებების არასამედიცინო მიზნით მოხმარების შედეგად. ნარკოტიკი სპეციფიკურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

გოგამ წამლის მოხმარება 17 წლის ასაკში დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, მშობლებმა ის ლენინგრადში უმაღლესი განათლების მისაღებად გაგზავნეს. რამდენიმე თვის შემდეგ, გოგა აღმოჩნდა ისეთ სამეგობრო წრეში, სადაც „ყაყაჩოს მოხარშვა“ და მისგან გემრიელი „პეროგის“ და „ბულკის“ დამზადება კარგ ტონად მიიჩნეოდა. ეგრედ წოდებული, „პლანიდან“ მეგობრები ნარკოტიკის ინტრავენურ მოხმარებაზე გადავიდნენ. სულ მალე, ისტორიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს, გოგას, წამლის გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლო. ის ახლა 40 წლისაა და ერთ–ერთ ნარკოლოგიურ კლინიკაში, უკვე მეორე წელია, მეტადონის პროგრამაშია ჩართული.
36 წლის მამუკასთვის კი ყველაფერი 30 წლის ასაკში დაიწყო. ის სამუშაოდ თურქეთში წავიდა, მაგრამ მუშაობის ნაცვლად ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი გახდა. მამუკა მკურნალობას ჯერჯერობით არ აპირებს და დროდარდო სახლიდან ისეთი ნივთები გააქვს, რომელთა გაყიდვის შემდეგაც მეგობრებთან ერთად „კაიფობს“.
თბილისის ერთ–ერთი საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში 24 წლის გიორგი მკურნალობს, რომელსაც დიაგნოზად ცენტრალური ნერვული სისტემის ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შედეგად განვითარებული მეტყველების მოშლა დაუდგინდა. გიორგი ვერ საუბრობს და, ქვედა ყბის ნერვის დაზიანების გამო, ვერც ჭამს. ის უკვე 7 წელია ნარკოტიკების მომხმარებელია. ოჯახის ნათესავის თქმით: „16 წლის გიორგის მშობლები ყოველდღიურად 300 ლარით აფინანსებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ კი მის ირგვლივ ისეთი ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალებების მიღება ცხოვრების წესად ქონდათ გადაქცეული“. 20 წლის ასაკში გიორგიმ შეყვარებულის დახმარებით მავნე ჩვევას თავი დაანება, მას შვილიც გაუჩნდა. მაგრამ 2 წლის წინ კვლავ დაიწო ნარკოტიკების მიღება და დღესდღეობით რთულ მდგომარეობაში იმყოფება.

ნარკოლოგიური ცენტრის ფსიქოთერაპევტის მანანა სოლოღაშვილის თქმით: „წამალზე მიჩვევის შემდეგ, თავს იჩენს ძლიერი ტკივილი, უძილობა, გადაღლა, უსაფუძვლო შიშები და შფოთვა, უმადობა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, ნარკოტიკის დაუძლეველი სურვილი“.
გარდა იმისა, რომ წამალზე დამოკიდებულება ადამიანს როგორც ფსიქიკურად, ასევე ფიზიკურად ანადგურებს, მომხმარებლები ასევე გამოირჩევიან სარისკო ქცევებითაც. 5–6 ადამიანი, ხშირ შემთხვევაში, ეგრედ წოდებული „საძმო შპრიცით“ იკეთებს წამალს, რაც ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიცაა: ტუბერკულოზი, შიდსი,C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი და სხვა.

ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველო“ და დამოუკიდებელმა კვლევითმა ცენტრმა „ალტერნეტივა ჯორჯიამ“– 2008 გამოაქვეყნა კვლევა „ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში სარისკო ქცევებთან“ დაკავშირებით. კვლევაში მონაწილე 100 წამალდამოკიდებული ადამიანიდან 71%–მა, ცხოვრების მანძლზე, შპრიცის ან საინექციო ინსტრუმენტების გაზიარების გამოცდილება დაადასტურა.

2008 წლის მონაცემები აივ შიდსის განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 60% ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით; 33% ჰეტეროსექსუალური კონტაქტებით. შიდსის ცენტრში ჩატარებული 32,244 აივ ტესტირებული პაციენტიდან 351 ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი იყო.

2009 წლის მონაცემებით, აივ ინფიცირების გავრცელების მიხედვით თბილისი 546 შემთხვევით პირველ ადგილზეა. აჭარის რეგიონში 243 შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო 270 ადამიანია აივ შიდსით დაავადებული, ხოლო იმერეთში 220. სხვა რეგიონებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100–ზე დაბალია.
აფხაზეთიდან დევნილი, 40 წლის გოგა, თავდაპირველად, შპრიცის „გაზიერებაზე“ არ ამბობდნენ უარს, მაგრამ მკურნალობის დაწყების შემდეგ (2 წელია) ნარკოტიკის ინტრავენურ მოხმარებას თავი დაანება. 36 წლის მამუკა კი, ჯერ კიდევ, „საძმო შპრიცით“ სარგებლობს. გოგა აღნიშნავს, რომ ნარკომანიისგან რომ თავი დააღწიოს სჭირდება მშვიდი გარემო და კარგი სოციალური მდგომარეობა: „მუშაობა არ შემიძლია, ნახევარი ლიტრის აწევა ჩემთვის მაქსიმუმია. მთავრობისგან დახმარებას ველოდები დიდი ხანია, მით უმეტეს აფხაზეთიდან დევნილიც ვარ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ რაიმე შეღავათები გამიწიონ 14 000 ლარით დამაჯარიმეს – უკანონოდ მიშენებული აივანი გაქვსო“. მამუკა ამბობს: „წამალზე თავის დანებება მინდა, მაგრამ „ლომკა“ როცა მეწყება მხოლოდ ნარკოტიკის შოვნაზე ვფიქრობ. საშინელ მოუთმენლობას ვგრძნობ, ვნერვიულბ და, ასეთ დროს, ყველაფერზე წამსვლელი ვარ".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცენებით 2008 წელს ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის სფეროში ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 9151 პირის მიმართ. ამათგან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 2817 ადამიანს.

ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ნაკვლევი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული დღემდე, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ღირებეულებათა ცვლილებისა და მეორე მხრივ, ეკონომიკური განვითარების როლი ნარკობაზრის ტრანსფორმაციაზე.
კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ, თუ ნარკოგამსაღებელი, ტრადიციულად, საქართველოში მოიაზრებოდა, როგორც დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი, წარუმატებელი, დასაძრახი და სამარცხვინო, ამჟამად საზოგადოებრივ წარმოდგენებში იგი ფიგურირებს, როგორც წარმატებული ადამიანი, რომელსაც ჰყავს პრესტიჟული მანქანა, აქვს სამსახური, სახლი და სხვა.
კვლევის მიხედვით საბანკო კრედიტების სისტემის შემოღებასთან ერთად, მათთვის გაადვილდა ნარკოტიკული საშუალებების შესყიდვა კრედიტის აღების ხარჯზე, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი უმუშევარი არ არის. მომხმარებლები იღებენ იმდენ ნარკოტიკს, რომ მისი გასაღების ხარჯზე კრედიტი დააბრუნონ, რაც მატ ნარკოგამსაღებლების სტატუსში გადასვლას განაპირობებს და კრიმინალური პასუხისმგებლობის სუბიექტად ხდის.

გოგა მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელია. 24 წლის გიორგის მამასაც კერძო ბიზნესი აქვს. მამუკა კი დაბალი სოციალური წრიდანაა. ისინი ახალგაზრდებს, სკოლის ასაკის ბავშვებს მოუწოდებენ, რომ ცხოვრებაში არასოდეს გასინჯონ ნარკოტიკი. გოგა: „ერთხელ გასინჯვიდან იწყება ყველაფერი, რასაც ჯოჯოხეთური ტკივილები, დაუძლეველი სურვილი ნარკოტიკის მიმართ და, რაც მთავარია, საზოგადოების ცივი დამოკიდებულება მოსდებს. ბავშვებს ვეტყვი, რომ ბოლო დროს, საშინელი შხამქიმიკატები შემოდის, რომლთა ფასიც ძალიან დაბალია და ადამიანის ჯანმრთელობას 2 წელიწადზე უღებს ბოლოს“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც 16 წლამდე 469 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოკითხულთა 41%–ს მიაჩნია, რომ მარიხუანას რეგულარული მოხმარება მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ამ ასაკის მოზარდების 17%–ს კი ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუხმარია მარიხუანა.

სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ექსპერტი ინფორმაციისა და პრევენციის დარგში, დარეჯან ჯავახიშვილი, აღნიშნავს, რომ „ნარკომანიასთან მიმართებაში აუცილებელია, სტაციონარები, სარეაბილიტაციო ცენტრები, ზიანის შემცირების პროგრამები, პრევენცია ანუ პროფილაქტიკა. პირველ რიგში ოჯახი, განათლების სისტემა, პედაგოგები უნდა იყვნენ მოზარდების მიმართ ყურადღებიანი. ეს უნდა იყოს მულტიდისციპლინარული მიდგომა. დაბალანებული ეროვნული სტრატეგია. უნდა იყოს მოთხოვნის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებები“.

საზოგადოება ხშირად სვამს კითხვას: ინკურნება თუ არა ნარკომანია? ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ზურა სიხარულიძე აღნიშნავს, რომ „ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა. იგი არ ინკურნება. ნარკომანია რემისიაში გადადის და ასე ვთქვათ, თვალს ეფარება. შეიძლება, ნარკომანი მოცემულ მომენტში ნარკოტიკს არ მოიხმარდეს, მაგრამ ის მაინც დაავადებულად რჩება. ნებისმიერ მომენტში, თუნდაც სტრესული მდგომარეობის დროს შეიძლება, დაავადება კვლავ აღმოცენდეს და ნარკომანმა ისევ დაიწყოს წამლის მოხმარება“.

21 წლიანი წამალდამოკიდებულების შემდეგ გოგამ მკურნალობა დაიწყო. მას სტიმული მისმა 13 წლის ქალიშვილმა მისცა: „ახლობლებისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ისე არ აღმიქვამენ, როგორც დამნაშავეს და ეს ფსიქოლოგიურად ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ის, რომ ცოლი, შვილი და მშობლები ჩემს გვერდით არიან, ის რომ ძმაკაცმა მანქანა მაჩუქა, ის რომ საახლობლოში ისე აღარ მიყურებენ, როგორც კეთროვანს, ჩემთვის დიდი ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა“. მამუკა კი ცოლმა და შვილმა მაშინ მიატოვეს, როცა მისი ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებ გაიგეს: „დედა ავადაა და და როცა წამალს ვერ ვშოულობ და ვყვირი ძალიან განიცდის. ახლობლები მერიდებიან, იციან წამალზე რომ ვარ და ჩემთან ურთიერთობა არ უნდათ. ბიძაშვილი მყავს სალომე, რომელიც ეკლესიურია. ერთადერთი, ეგ მექცევა ადამიანურად. უნდა მამაოსთან მიმიყვანოს. მეც ძალიან მიჭირს, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, რაღაც უნდა გავაკეთო და ამ კოშმარს თავი დავაღწიო“.

ნარკომანიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება რომ შეიცვალოს ამისათვის სხვადასხვა სახის ტერეინინგები ტარდება, ზურა სიხარულიძე აღნიშნავს, რომ „ბოლო დროს შეიცვალა შეხედულება ნარკომანიის მიმართ, მაგრამ ისე არა, როგორც საჭიროა. საზოგადოების ინფორმირება აუცილებელია, მაშინ თითქმის მთლიანად შეიცვლება ის დამოკიდებულება, რაც დღეს საზოგადოებას ნარკომანების მიმართ აქვს. ნარკომანები ავადმყოფები არიან, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა განკურნების სურვილი და დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან“.

2008 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წამოიყო მეთადონით ჩანაცვლების პროგრამა დამყარებული თანადაფინანსების პრინციპზე: სახელმწიფო უზრუნველყოფს პაციენტს მეთადონით, ხოლო პაციენტი რეგულარულად იხდის სერვისის საფასურც, რაც თვიურად 150 ლარს უდრის. 2009 წლი დასაწყისისათვის ამ პროგრამაში ჩართული იყო 552 პაციენტი, მოლოდინის სიაში კი 330 პირი ირიცხებოდა. საქართველოში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია 2005 წელს დაინერგა.

ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართული პაციენტების დღიური დოზა 60–70 მილიგრამამდეა. არიან პაციენტები, რომლებიც ინდივიდუალური საჭიროებისათვის 120–140 მილიგრამს ღებულობენ. სისტემატიურად ტარდება პაციენტთა მონიტორინგი (შემოწმება) სხვა ნარკოტიკული საშუალებების მიღებაზე. პაციენტთა პროგრამიდან გარიცხვა იშვიათია და ძირითადად, განპირობებულია რეჟიმის უხეში დარღვევით. მაგალითად ცენტრიდან მეთადონის არალეგალურად გატანის მცდელობა.

2009 წლის სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ნარკოტიკებზე ინფორმაციის საკოორდინაციო სამსახურის წლიურ ანგარიშში საუბარია ჩანაცვლებითი თერაპიის ზედმეტად სიმკაცრესა და მოუქნელობაზე: პაციენტები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ცენტრში წამლის მისაღებად; დაშვებული არ არის სტაბილური პაციენტებისთვის სახლში თუნდაც ერთი დღის ულუფის გატანება; ექიმებსა და ექთნებს ყოველდღიურად უწევთ დიდი რაოდენობის დოკუმენტაციის შევსება; პროგრამები ვერ სთავაზობს პაციენტებს ქმედით ღონისძიებებს სოციალური რეაბილიტაციისთვის: დასაქმება, პროფესიული მომზადება–გადამზადება, რაც განპირობებულია ქვეყანაში სოციალური რეაბილიტაციის მექანიზმის განუვითარებლობით.

ჯანა ჯავახიშვილი აღნიშნავს: „ეს დაავადება რთულია იმ თვალსაზრისითაც, რომ მოტივაცია თავი დაანებოს წამალს, ძალიან დაბალია. წამალდამოკიდებული ადამიანი მიდის სამკურნალოდ, მაგრამ სინამდვილეში თავის დანებების მიზნით კი არა, არამედ, ძალიან ხშირად, დოზის დაგდების მოტივაციით“.

2008 წელს სახელმწიფომ 25 მილიონი ლარი ქუჩის ნარკოტესტირების ჩასატარებლად გამოყო. საპატრულო პოლიცია ქუჩაში მიმავალ საეჭვო გარეგნობის პირებს აჩერებდა და შესამოწმებლად ნარკოლოგიურში მიჰყავდა. ამ გარემოებამ საზოგადოებაში სხვადასხვა სახის გამოხმაურება ჰპოვა. ანალიზები ნარკოტიკულ ნივთიერებას თუ დაადასტურებდა, მომხმარებელს პირველ ჯერზე ფულადი თანხით აჯარიმდებდნენ. განმეორების შემთხვევაში კი აპატიმრებდნენ. გოგა საპატრულო რეიდების დროს 30 დღის განმავლობაში 17–ჯერ აღმოჩნდა შემოწმებაზე. რადგანაც მას მეტადონის გარდა სხვა ნარკოტიკი არ დაუფიქსირდა 17–ჯერვე ყოველგვარი ჯარიმის გარეშე გაუშვეს. გოგა იხსენებს: „მოსამართლემ პოლიციელს უთხრა, ბოლოს და ბოლოს მე ვცნობ ამ კაცს და თქვენ რით ვერ დაიმახსოვრეთ, რაღას მოგყავთ შემოწმებაზეო“. გოგა ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიცია ძალიან უხეშად იქცევა ადამიანის ნარკოტესტირებაზე წაყვანის დროს: „აი, ნახავ ანალიზი სხვა ნარკოტიკსაც „ამოგიგდებს“ და მერე სად წაგვიხვალ...“

დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“ ატარებს კვლევას, რომესაც ქვია „რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკოტესტირება“. პროექტი 2008 წლის სექტემბერში დაიწყო და 2009 წლის თებერვალში დასრულდება. კვლევის ერთ–ერთი ფაზა ასეთია: რისი მიღწევა შეიძლებოდა, თუ ის სახსრები, რაც იძულებით ტესტირებაზე იხარჯებოდა, ჩანაცვლებითი თერაპიის გაფართოებას მოხმარდებოდა“. კვლევითი ცენტრის დირექტორი დავით ოთიაშვილი აღნიშნავს, რომ „კვლევის ამ ეტაპზე დასტურდება, რომ ქუჩის ნარკოტესტირება არაეფექტური პროექტია, რომელშიც 25 მილიონი ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა მეტადონის ჩანაცვლებით პროგრამაში რომ დახარჯულიყო უფრო წაადგებოდა წამალდამოკიდებულ ადამიანებს“.

No comments:

Post a Comment