Tuesday, December 15, 2009

ინტერნეტომანია

დრო შეიცვალა და ამ ცვლილებას ფასეულობების გადაფასებაც მოჰყვა. გუშინ თუ წიგნის კითხვით საზოგადოებასთან უკეთ ამყარებდი კონტაქტს, დღეს ამას ინტერნეტით უფრო სწრაფად, მარტივად და დროისა და სივრცის სრული შეგრძნებით შეძლებ. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვირტუალურ დროს და სივრცეს ფეხი ჩვენი მშობლების თაობამაც აუწყო. თუმცა ხშირად ასეთი ფრაზებიც ისმის ხოლმე: „ვაიმე სადღაც დავიკარგე“.
ნამდვილად, ჩვენი მშობლების თაობა, რომლებსაც ხშირად „დაკარგული თაობის“ სახელითაც მოვიხსენიებთ, არაა გასაკვირი, რომ ინტერნეტის მეშვეობით თვითგამორკვევის გზას ადგას. თუმცა იმასაც არ ივიწყებენ, რომ წიგნის წაკითხვა თურმე მათ დროს აუცილებელი იყო და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ისინი ხომ საბჭოთა მრავალფეროვანი იდეებით იყვნენ დაპროგრამებულნი და თანამედროვე ანგლო–ბრიტანულ „ტოეფელებს“ ვეღარ ეგუებიან.
ვერ შეეგუებიან, იმიტომ რომ ისინი რუსეთში 25 მანეთად მიფრინავდნენ, ნაყინს მიირთმევდნენ და ისევ მოფრინავდნენ. ჩვენ კი, სანამ ვიზას გავაკეთებდეთ და ბიძია სოროსებისგან დაფინანსებას მივიღებდეთ, ერთი საუკუნეა საჭირო.
ერთი საუკუნის წინ კი რუსულსკოლაგამოვლილი ილია ჭავჭავაძეც გაიმეტეს სასიკვდილოდ, „დაკარგული თაობის“ ვაი–ვიში კი ამერიკანიზაციის ეპოქაში უსუსურია.
უსუსურობა ჩვენს თაობასაც არანაკლებ გვაწუხებს. შეიძლება არ დამეთნხმოთ, მაგრამ ღამის 3 საათამდე ვირტუალურ სამყაროში ხეტიალი მარტოსულობამდე ხომ არ მოგვიყვანს? ფაქტიურად, მეგობრობაც ვირტუალურ დონემდეა დასული. ასეთი ფრაზები ყოველ დღე გვესმის: ეს ამბავი ჩემი მეგობრის „პოსტიდან“ გავიგე. მეგობარი კი ამ შემთხვევაში გუშინ ან ერთი კვირის წინ „ფეისბუკზე“ დამატებული ადამიანი შეიძლება იყოს. ის მეგობარი კი, რომელთან ერთადაც 11 წელი სკოლის მერხზე ვიჯექით საერთოდ აღარ გვახსოვს.
მახსოვრობას თავი დავანებოთ, მაგრამ იმ ადამიანს, რომელიც თავალით არასდროს გვინახავს, მეგობრობას ვერასოდეს გაგვიწევს. მე იმას არ ვიძახი, ვირტუალური სამყარო, თანამედროვე ტეხნოლოგიები ცუდია მეთქი. ილიას თქმისაც არ იყოს „ცხოვრებასაც აქვს თავისი შემოდგომა და გაზაფხული, როგორც ბუნებას“. ალბათ ინტერნეტსაც დაუდგება მსგავსი „ბოლო ჟამი“, როცა მას ახალი „სასწაული“ ჩაანაცვლებს და მერე ჩვენი თაობა დაიწყებს შვილების რჩევა დარიგებას: შვილო ჩვენს დროს ინტერნეტი რა კარგი იყო, აი თქვენ კი თვალებს, ან იმ დროს როგორც იქნება, როგორ ტყუილად იფუჭებთ“.
ხო მართლა, თვალების გაფუჭებაზე გამახსენდა, შევხედოთ ერთმანეთს: ყველას თველებში გვეტყობა რამდენად „აფეისბუკებულ“, „ასკაიპებულ“, „აბლოგერებულები“ ვართ.
ამის ფონზე კიდე საკითხავია, „დაკარგული თაობა“ ჩვენს მშობლებს უფრო შეეფერებათ თუ ჩვენ, რა თქმა უნდა წლების შემდეგ და ასეთი სახელწოდებით: „ინტერნეტში გადაკარგული თაობა“.

No comments:

Post a Comment