ღმერთის რწმენა შეუძლებელია, ღმერთის არ რწმენა აბსურდი...
ვოლტერი
„ათეიზმი არის გზა რომელიც უნდა გაიარო, რათა შენს თავთან მაქსიმალურად ახლოს მიხვიდე” - ამბობს 32 წლის ოთო. „არავის მონა არ ხარ. ქედს არც არავის წინაშე იხდი და არც სხვას ამონებ. მე არ ვარ ჩარჩოებში მოქცეული. ვცხოვრობ 21–ე საუკუნეში და, ჩემი გადმოსახედიდან, შემიძლია ვთქვა, რომ ვიღაცისთვის რელიგია შვებაა, ჩემთვის კი არაფერია“ – აღნიშნავს ოთო, რომელიც ათეიზმს აბსოლუტურ თავისუფლებასთან აიგივებს. „უკვე აღარ მაინტერესებს ვიღაცის აზრები, ადრე დისკომფორტს განვიცდიდი იმის გამო, რომ ჩემთან იმ მომენტამდე მეგობრობდნენ, სანამ გაიგებდნენ „ვინ“ და „როგორი“ ვიყავი. შემდეგ შორს იჭერდნენ თავს“... ის რომ დისკომფორტი აღარ აქვს და ნაკლებად აინტერესებს ხალხის შეხედულებები, იმანაც გამოიწვია რომ ამ თემაზე იშვიათად საუბრობს. როცა რელიგიურ დღესასწაულებს ულოცავენ, აღარ ეუბნება რომ არ სწამს, თვითონაც მილოცვით პაუხობს. ოთო თვლის, რომ „რელიგიას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, როგორი პიროვნება ხარ, როგორი ქმედებები გაქვს ჩადენილი“.
ოთო ერთ ერთი ტელეკომპანიის კომპიუტერული გრაფიკოსია. მანამდეც ტელევიზიაში მუშაობდა, მაგრამ თანამშრომლების შემცირების გამო უსამსახუროდ დარჩა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი. შემდეგ კი კომპიუტერული გრაფიკა შეისწავლა და სურს ამ კუთხით უფრო მეტად განვითარდეს. უყვარს ექსპერიმენტალური მუსიკა და მძიმე მეტალი, რომელთა მოსასმენად, რამდენჯერმე, გერმანიაშიც გაემგზავრა. „მიყვარს ნაფიქრი და რთულად მოსასმენი მუსიკა“ – ამბობს ის.
21 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს ოთო, თავის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, მთელი ღამე ეკლესიაში ლოცულობდა... შემდეგ იშვიათად თუ ესტუმრებოდა ტაძარს. 15 წლის ასაკში კი, მას ხელთ ჩაუვარდა კომუნისტების საყვარელი მწერლის, ზენონ კასიდოვსკის „ბიბლიური თქმულებები“, რამაც მის სულიერ ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა: „წიგნი არის ძველი და ახალი აღთქმის შესახებ. ყოველი თავის ბოლოს, მეცნიერული არგუმენტებითა და ლოგიკური მსჯელობით, ნულზეა დაყვანილი ყოველივე ღვთიური, ჯადოსნური მომენტები. ამ პოზიციამდე, ადრე თუ გვიან, მაინც მივიდოდი, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ წიგნის წაკითხვის შემდეგ რევოლუცია მოხდა ჩემს არსებაში“ – ამბობს ოთო.
32 წლის ათეისტი რელიგიურ კანონებსა და თავის მრწამსს შორის საერთოსაც პოულობს: „ის მცნებები (ბიბლიის 10 მცნება – ავტ.) მისაღებია ჩემთვის. რელიგიას თავი რომ დავანებოთ, ეს კანონები ჩემიანია. იქ წერია, რომ კაცმა უნდა იცხოვროს ზნეობრივად. მათ ფუნდამენტში დევს სიკეთე, კეთილშობილური იდეები, რომლებსაც ვეთანხმები“.
ბიბლიის 10 მცნებიდან პირველის თანახმად: „მე ვარ ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე“.
„არავინ არ იცის ღმერთის არსებობის შესახებ. არც იმ მქადაგებლებმა, რომლებიც რელიგიას იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს, თავისი პირადი მერკანტიული შეხედულებების გამოსავლენად“ – ამბობს ოთო. „არც ის მწამს აღდგომაზე ვოთომ ცეცხლის გარდმოსახვა რომაა. ვიღაცა ზის და ანთებს ცეცხლს. „ბლეფია“, რომელზეც ხალხი ტყუვდება, მეტი არაფერი. ვიღაცას უნდა მოტყუვდეს და ტყუვდება, ვიღაცას - არა“ – აღნიშნავს ის.
ცნობილი ფრანგი მთემატიკოსი ბლეზ პასკალი ადამიანის სამ კატეგორიას გამოყოფდა: პირველნი ემსახურებიან ღმერთს, იმიტომ, რომ უკვე იპოვეს. მეორენი ეძებენ, იმიტომ რომ არ უპოვიათ, მესამენი – არც ეძებენ და არც უპოვიათ. ამათგან, პიველნი ბედნიერნი და კეთილგონიერნი არიან. მეორენი – უბედურნი და კეთილგონიერნი. მესამენი კი – უბედურნი და უკეთურნი.
სამების ტაძრის ღვთისმსახურის, დეკანოზის, იაკობ აბაშიძის თქმით, რწმენა არის არხილულის დაჯერება: „არის ისეთი საგანი, თუ არ დაინახე ვერ ირწმუნებ და არის ისეთი რამ, თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ“. დეკანოზი აღნიშნავს, რომ „ურწმუნოება არაგამოძიებაა ღმერთისა. შეიძლება გაშლილ სუფრაზე მიხვიდე, მიირთვა ყოველივე და წახვიდე ისე, რომ მადლობა არა თქვა, არ იკითხო ვინ გააკეთა? დედამიწაზე რაც არსებობს, წყალია თუ პურია, ესენი ხომ ჩვენ არ შეგვიქმნია. ნუთუ ამას არა ჰყავს გამჩენი? ნუთუ ჩვენ თავადაც ასე უაზროდ გავჩნდით, როგორც ათესტები ამბობენ, აფეთქების შედეგად? აფეთქების შედეგად ასეთი ლამაზი რამ, რასაც სამყარო ქვია, არ შეიძლებოდა გაჩენილიყო. ეს უფრო ძნელი დასაჯერებელია, ვიდრე ის რომ ღმერთმა შექმნა სამყარო“.
საღვთო წიგნების მიხედვით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული არსებობას იმ ქვეყნად განაგრძობს. ათეისტები კი თვლიან, რომ იმქვეყნიური ცხოვრება არ არსებობს: „იმვეყნიური ცხვრება იმ გაგებით, როგორც ქრისტიანები და არა მარტო ისინი აღიქვამენ, არ არსებობს. მეცნიერებიდან გამომდინარე, ენერგია არასდროს იკარგება. ალბათ, რაღაც გარდასახვა არსებობს. მე მკითხაობას ვერ დავიწყებ, მოვა დრო და გავიგებ“ – ამბობს ოთო.
ბათუმის მეჩეთის წინამძღვარის, ზინურ იაკობიძის თქმით ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ სხვა სამყაროში გადაინაცვლებს: „რომ გარდავიცვლებით და ღმერთს ჩავბარდებით, მისი დიდსულოვნების იმედი ყველას უნდა გვქონდეს. თუმცა ყველამ მის საქციელზე პასუხი უნდა აგოს. საღვთო წიგნებში წერია, რომ ყველა თავისი საქციელის პასუხისმგებელია იმქვეყნად. ურწმუნოს ის ქვეყანა არ წამს, ამიტომაც არაფერზე არ დარდობს“. ზინურ იაკობაძე ურწმუნოების ძირითად მიზეზად კომუნისტურ წყობას ასახელებს.
საქართველოში ათეიზმის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა:
· ათეისტს და მორწმუნეს ერთი საერთო აქვთ: ორივე ღმერთზე ფიქრობს, მხოლოდ სხვადასხვა კუთხით...
· ქართველი ათეისტები ღმერთზე გამწყრალი მართლმადიდებლები არიან...
· ათეისტებსაც თავიანთი ღირებულებები აქვთ. ამ ცხოვრებაზე გაბოროტებულნი არიან. ალბათ, რაღაც მიზეზი აქვთ, რის გამოც დაკარგეს რწმენა უფლისადმი.
· ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი სწამთ, მაგრამ ათეისტებად ნაკლებად შეიძლება ჩაითვალონ, რადგან ისეთ ეპოქაში არიან დაბადებულები, რომ არ ქონდათ ეკლესიათან შეხება და ნაკლებად მორწმუნეები არიან.
· ათეისტები საქართველოში არ არსებობენ, „მინდა ვიყო ათეისტი“-ები არიან ჩვენთან.
მორწმუნე ადამიანებს, რომელ რელიგიასაც არ უნდა ემსახურებოდნენ, ათეისტების მიმართ ერთი მიზანი აქვთ: – მათ სურთ, მოაქციონ ათეისტები წმენაზე. „ადამიანი რწმენით ცხოვრობს და მოღვაწეობს. ურწმუნო ადამიანები უბრალოდ მეცოდებიან და ვცდილობ, რომ ხშირად ვესაუბრო მათ სარწმუნოებაზე. თუმცა ხანდახან ვხვდები, რომ უფრო დიდ ცოდვაში ვაგდებ მათ ჩემი საუბრით და მირჩევნია გავჩუმდე“ – აღნიშნავს 20 წლის რუსკა ჭელიძე.
ბათუმის მეჩეთის წინამძღვარი ამბობს: „მორწმუნეებს მუდმივად გვაქვს პროპაგანდა ურწმუნო ადამიანებთან, მაგრამ 100 % დან 5 % თუ მოგისმენს. ხალხი უნდა აღზარდოს სკოლამ, თუმცა ოჯახსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორებიც ოჯახში არიან, ისეთები იზრდებიან ბავშვებიც“.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის პროფესორი, მიხეილ ქურდიანი, აღნიშნავს რომ, ვინმეს დევნა მრწამსის გამო არ შეიძლება: „მორწმუნე ადამიანებს ათეისტების მიმართ სიბრალულის გრძნობა უნდა ქონდეთ. ისინი არ უნდა სძულდეთ და ეზიზღებოდეთ. პირიქით, უნდა ლოცულობდნენ რომ ისინიც სწორ გზაზე დააყენოს ღმერთმა“.
ოთო ფიქრობს, რომ რელიგია ბოროტება არ არის. „რელიგიისგან ბოროტებას ქმნის ხალხი. მასა ძირითადი ბრმავდება და მიყვება იმ ხალხს“ – აღნიშნავს ოთო, რომელსაც არ უყვარს კონფლიქტური სიტუაციები, რასაც მისი აზრით, სოციალური მდგომარეობა განაპირობებს. „დღეს ხალხი ცხოვრობს ავტობუსის გაჩერებაზე, რათა დროზე გააღწიოს აქედან. არანაირი ფასეულობა, რაზეც ადამიანი გაწირავს თავს, არ არსებობს. შემოიღეს პატრიოტული ბანაკები, რომელიც, ჩემი აზრით, პიარია. ამით ვირტუალური პატრიოტიზმის შექმნას ცდილობენ. რეალურად საპატრიოტიზმო არაფერი დაგვრჩა“ – აღნიშნავს ოთო.
ოთო ამერიკაში გამგზავრებასა და მუშაობაზე ფიქრობს. ის ოჯახის შექმნას ჯერ არ აპირებს, თუმცა მორწმუნე ადამიანი თუ შეუყვარდება, სარწმუნოების ფორმალური სახით მიიღებაზე უარს არ იტყვის: „იმან რომ მთხოვოს სარწმუნოებას მივიღებ, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალური იქნება, მას რომ არ ეწყინოს“.
დეკანოზი, იაკობ აბაშიძე ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ქონდეს რთული პერიოდი ცხოვრებაში. როცა მას ღმერთი არ ახსოვს და გარკვეულწილად ათეიზმსაა მინდობილი. თუმცა ადამიანს უდგება ჟამი დიდი სიხარულისა ან გასაჭირისა და ის სცნობს ღმერთს. „შევაგონოთ ერთ–ორჯერ და თუ არ მიიღებენ განვეშოროთ. კეთილი მარცვალი ჩავთესოთ. ის შეიძლება იქვე არ გაღვივდეს, იქვე არ მოგვცეს შედეგი. მაშინვე რომც ირწმუნოს, არც არის დასაჯერებელი – ფარისევლობა იქნება. ყოფილა შემთხვევები , როცა სიცოცხლის ბოლოს აღმოცენებულა ასეთი მარცვლები... ავაზაკი, რომელიც მათხოვრის გვერდით დააყენეს, ჯვარცმის დროს აღიარა უფალი, სთხოვა მას შენდობა და საოცარი სიტყვა თქვა: „მომიტევე მე უფალო პირის ბრუნება შენი“.
მე ვარ ათეისტი, და ამით ვამაყობ, რადგან მორწმუნეებისაგან განსხვავებით, მეცნიერებას და მის აღმოჩენებს არ ვუარყოფ, და არ ვარ ჩაკეტილი ჩემს ვირტუალურ ფანტაზიებში, არ მეშინია არავის, გარდა ადამიანისა. მე არაფრის არ მწამს, მე მხოლოდ "ვიცი" რა არის სიმართლე და რა არა. და მე ვიცი რა როლსაც თამაშობს რელიგია მსოფლიოში, და ვიცი რომ რელიგია ეს არის ბიზნესი და პოლიტიკა და სხვა არაფერი. მე არ ვარ მზად გავწირო ჩემი თავი "ღმერთის" ან "ზე არსების" გულისთვის როდესაც მისი არსებობა არ არის დადასტურებული მეცნიერების მიერ. მე არ ვარ მზად გავწირო ჩემი თავი სამშობლოსთვის, რადგან მასში სრულიად "მძინარე" და "ტვინგამორეცხილი" ხალხია. მე არ ვარ ვალდებული გავაკეთო ის რასაც ჩემი მამაპაპანი აკეთებდნენ, რადგან მაგათგან განსხვავებით, მე ვიცი სიმართლე.
ReplyDelete