Friday, June 4, 2010

ჩემი კანდიდატი ბიულეტენში არ წერია

დილის 7 საათსა და 15 წუთზე საარჩევნო უბანზე მისულს წილისყრა ჩატარებული დამხვდა. უბანზე შესვლის შემდეგ, სათვალეებიანმა მდივანმა სარეგისტრაციო ჟურნალში გამატარა, ჩემს სააკრედიტაციო ბარათს რამდენჯერმე შეავლო თვალი და უბნის დათვალიერებაც დავიწყე. პირველივე წუთებში, რატომღაც, კომისიის თავმჯდომარის, მიხეილ ჩერქეზიშვილის ყურადღება მივიქციე, რომელმაც მკაცრი ტონით მითხრა: „ასე თავისუფლად ნუ გადაადგილდებით, დამკვირვებლების ადგილი აქეთაა“, და მიმითითა მარჯვენა მხარეს კარისკენ, სადაც ნაკადის მომწესრიგებელი იდგა. თავიდან ვიფიქრე, ხომ არ მეხუმრება ამხელა უბნის ამხელა კომისიის თავმჯდომარე მეთქი და შემდეგ ვუპასუხე: „უბანზე თავისუფლად შემიძლია გადავაადგილდე, ისე რომ კომისიის მუშაობას ხელი არ შევუშალო“... „აი, მე სადაც გეტყვი, შენ იქედან დააკვირდები არჩევნებს“, და კიდევ ერთხელ მიმითითა მარჯვენა კუთხისკენ. კომისიის თავმჯდომარის პასუხმა რამდენიმე დამკვირვებლის აღშფოთებაც გამოიწვია და საბოლოოდ გაირკვა რომ, დამკვირვებლებს თავისუფლად გადაადგილება და არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურისთვის თვალყურის დევნება შეგვეძლო.

საარჩევნო უბანზე რამდენი ამომრჩეველიცაა, იმდენი ბიულეტენი უნდა გამოიყოს. 31–ე უბანზე 1402 კაცი იყო რეგისტრირებული, რომლებისთვისაც მხოლოდ 1300 ბიულეტენი იყო გამოყოფილი. კომისიის თავჯდომარის მოადგილემ, თამუნა მაჩიტაძემ ეს ფაქტი შემდეგნაირად განმარტა: „კი არის სიაში 1402 ამომრჩეველი, მაგრამ ყველა კი არ მოვა არჩევნებზე. აი შენ თვითონაც ნახავ, ბოლოს ბიულეტენები მოგვრჩება კიდეც“.

უბანი ზუსტად 8 საათზე გაიხსნა. საბურთალოზე მესამე საარჩევნო ოლქის 31–ე უბნის 6 საფეხურიანი კიბის ავლის შემდეგ, ყველა ამომრჩეველს ხმის მისაცემად, ერთი და იგივე პროცედურა უნდა გაევლო. 3 საათის განმავლობაში ამომრჩეველთა სიმრავლეს 10–15 კაციანი რიგებიც ადასტურებდა. დილის საათებში ამომრჩეველთა მხრიდან პრეტენზიები, ძირითადად, იმით შემოიფარგლებოდა, რომ ისინი საარჩევნო სიებში საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ. ორჯერ დავაფიქსირე, რომ ერთი და იგივე რეგისტრატორმა ამომრჩეველს მარკირება მარცხენა ხელზე გაუკეთა. კომისიის თავჯდომარემ ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა: „ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომა ვის არ მოგვსვლიაო“.

შეცდომები კომისიის თავჯდომარეს და მოადგილეს გადასატან სიებთან დაკავშირებითაც მოსვლოდათ. ასაკში შესულ წყვილს, რამდენიმე დღით ადრე, გამეოთქვა გადასატანი ყუთით სარგებლობის სურვილი. მისამართზე მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ოთარ ცხადაძეს ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. მის მეუღლეს ნონა ჩხაიძეს კი უბანზე მისვლა იმის გამო უწევდა, რომ გადასატანი ყუთით სარგებლობის თაობაზე არა ნონა ჩხაიძის, არამედ ნინო ჩხაიძის გრაფაში აღენიშნათ. როგორც წესი, ვისაც გადასატანი ყუთით სარგებლობა სურს, მათ სახელებს, გვარებს და მისამართებს კომისია ცალკე ფურცელზე გადაწერს, ხოლო მთავარ სიაში კომისიის თავჯდომარე და მოადგილე ხელს მოაწერენ, რათა ვინც გადასატანი ყუთით ისარგებლებს, საარჩევნო უბანზე რომც მივიდეს ვერ გააყალბებს – ხმას კიდევ ერთხელ ვერ მისცემს.

საარჩევნო უბანზე კი მოვიდა ნინო ჩხაიძე, რომლის სახელის და გვარის გასწვრივ ხელი უკვე მოწერილი იყო. როცა უთხრეს რომ ხმის მიცემას ვეღარ შეძლებდა, უკმაყოფილო სახით, რეგისტრატორს პირადობის მოწმობა გამოართვა და საარჩევნო უბნიდან გავიდა. ქალბატონმა ნინომ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ რეგიონიდან 9 წლის შვილიშვილთან ერთად, სპეციალურად, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა: „ვერაფერს ვერ შევცვლი. მითხრეს, რომ ხმის მიცემა არ შემიძლია, მეც წავალ სახლში და დავჯდები, სხვა რა ვქნა“. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომისიის თავჯდომარის მოადგილემ კვლავ განმარტა, რომ ისიც ადამიანია და შეცდომა მოუვიდა.

გადასატან ყუთს კომისიის 2 წევრი და ორიც დამკვირვებელი ვახლდით. ყუთის მომლოდინე ასაკში შესული ადამიანები განმარტებას იმის თაობაზე, რომ საარჩევნო უბნიდან მათთან მივედით, აღარ გვაცლიდნენ. სახლში შეგვიპატიჟებდნენ, ბოდიშს მოიხდიდნენ რომ სახლი დასალაგებელი იყო, ხშირად ტკბილეულსაც გვთავაზობდნენ და ხმის მიცემის პროცედურაც იწყებოდა. ბიულეტენის შემოხაზვის დროს, ზოგიერთი ოთახიდან გასვლას ამჯობინებდა. ვინც ადგილზე შემოხაზვას დააპირებდა კომისიის წევრებს ვთხოვდი რომ მათკენ თავლი არ გაპარვოდათ. იყო გაუთვალიწინებელი შემთხვევებიც: ერთმა ამომრჩეველმა ნომრის შემოხაზვის ნაცვლად კანდიდატის სახელი და გვარი შემოხაზა, რაც მისმა მეუღლემ შენიშნა და ჩვენც გვაჩვენა. ხმის დათვლის დროს ეს ბიულეტენი არ გაბათილებულა. ერთ ერთმა ამომრჩეველმა ბიულეტენი რომ გადაიკითხა, გულმოსულმა შემოგვხედა და გვისაყვედურა: „ჩემი კანდიდატი ბიულეტენში არ წერიაო“ და თვითონ შეეცადა ბიულეტენში კორექტივების შეტანას. ერთი ქალბატონი კი, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, დაჟინებით გვთხოვდა რომ მისთვის ლექსი დაგვეწერა. მან აღნიშნა რომ, მისი 10 წლის უკან გარდაცვლილი და გადასატან ყუთს მთელი დღე ელოდებოდა, მაგრამ არ მიუტანეს. ამის გამო ის ძალიან განაწყენებული იყო. გადასატან სიებში სულ 28 ამომრჩეველი იყო, მათგან 24 ხმის მიცემა შეძლო, ერთი აღნიშნულ მისამართზე არ იმყოფებოდა. ერთის მისამართზე განგვიმარტეს რომ რემონტი მიმდინარეობდა და ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ერთ ამომრჩეველთან არ მივედით, რადგან მისამართი ვერ ვიპოვეთ. ერთი ამომრჩეველი კი, რომელსაც ხარატინა ერქვა და არ ვიცოდით კარზე დაკაკუნების შემდეგ ქალბატონი ხარატინა მოგვეკითხა თუ ბატონი, მეზობელმა გვითხრა, რომ გარდაიცვლილიყო 1 დღით ადრე. კომისიის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ დაგვეკაკუნებინა კარებზე. როცა გვითხრეს რომ ქალბატონი ხარატინა გარდაიცვალა, მივუსამძიმრეთ და წამოვედით.

არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა ზუსტად 8 საათზე დამთავრდა. სიის მიხედვით, 1402 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 712 ადამიანმა მიიღო (გადასატანი ყუთის ჩათვლით). 340 ხმით მერობის კანდიდატად გიორგი უგულავა დასახელდა. საუბნო პროპორციულის გამარჯვებულად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 314 ხმით გამოვლინდა. საუბნო მაჟორიტარულის მიხედვით, 335 ხმით დავით გელაშვილი აირჩიეს. უბნის მეორე ადგილოსნად კი ალიანსი, მისი მაჟორიტარი და მერობის კანდიდატი გამოვლინდა.

როგორც წესი, 8 საათზე საარჩევნო უბანი იკეტება და კარის გახსნა იკრძალება, თუ უბნიდან წასვლას არავინ აპირებს, ხოლო თუ ვინმე უბანს დატოვებს, მას უკან დაბრუნების უფლება აღარ აქვს. საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ხმის დათვლის პროცესის დროს 6 ჯერ გააღო უბნის კარი სხვადასხვა მიზეზის გამო. კარის პირველად გაღების მიზეზი უბნის დაცვა იყო, რომელსაც თურმე შესცივდა და ნება ითხოვა, იქნებ შენობაში შემოეშვათ. მეორედაც იგივე დაცვის გამო გაიხსნა კარი, რომელიც ამჯერად დაღლილიყო და სკამი მოითხოვა. კომისიის თავჯდომარემ თხოვნა შეუსრულა. კარის შემდეგი გახსნა პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანს მიეძრვნა, რომელიც მანამდე არ მენახა (ეს არ იყო უბნის დაცვა). ის კომისიის თავჯდომარეს ღია კარებში მანამდე ესაუბრებოდა, სანამ დამკვირვებლებმა რამდენიმე შენიშვნა არ მისცეს. კარის შემდეგი გახსნის მიზეზიც უბნის დაცვა იყო, კომისიის თავჯდომარეს განვუმარტე, რომ უკვე მეოთხედ იხსნებოდა კარები. მან თითები გაშალა და ირონიულად მითხრა, რომ 5 ჯერ კარის გახსნის უფლება ქონდა. ამის შემდეგ კიდევ 2 ჯერ გაიხსა უბნის კარი.

უბანზე ხმის დათვლის პროცედურა ნელი ტემპით მიმდინარეობდა: ყავა დალიეს, ცოტა დაივენეს. საღამოს 8 საათიდან დილის 5–მდე მუშაობდა საარჩევნო კომისია. ანუ 712 კონვერტის გახსნას და სხვა პროცედურების გავლას 9 საათი დასჭირდა. მეზობელ უბანზე 769 ხმის დათვლა ღამის 3 საათამდე დასრულდა. კონვერტების გახსნის და ხმის დათვლის დროს კომისიის წევრებს თვლემდათ, დამკვირვებლების უმეტესობა კი ფერად სიზმრებს ნახულობდა. ხმის დათვლა დარღვევების გარეშე წარიმართა. ჩემს მიერ გაკეთებული „ეგზიტპოლები“ (კონვერტიდან ბიულეტენს ვინც იღებდა, მის გვერდით ვიჯექი და ვინიშნავდი რომელ კანდიდატს რამდენი ხმა ქონდა) გარდა მერობის კანდიდატის, გიორგი უგულავას ხმებისა, ყველა დაემთხვა საბოლოო შედეგებს. ჩემი „ეგზიტპოლების“ შედეგად გიორგი უგულავას 330 ხმა ქონდა, ბიულეტენების დათვლის შემდეგ კი მას 340 ხმა აღმოაჩნდა.

საარჩევნო კომისიის მდივანი, მანანა მიგრიაული ოქმს თავჯდომარის მოადგილესთან ერთად ავსებდა. უფრო ზუსტად კი მოადგილის კარნახის შედეგად წერდა მონაცემებს. ერთმა უკარნახა, მეორემ ჩაწერა, მესამემ მთვლემარე თვალებით დააკვირდა და საარჩევნო პროცესიც დასასრულს მიუახლოვდა. ოქმები ქსეროქსზე გადაიღეს, კომისიის თავჯდომარემ ხელი მოაწერა და დილის 5 საათიც შესრულდა.

ოქმის მიღებისთანავე საარჩევნო უბანი დავტოვე, თუმცა შეგრძნება არც თუ ისე სასიამოვნო მქონდა. 712 ამომრჩევლის ხმის მიცემის პროცესს ვაკვირდებოდი, მე თვითონ კი ხმის მისაცემად არ წავედი.

Thursday, June 3, 2010

არავის მონა არ ხარ...

ღმერთის რწმენა შეუძლებელია, ღმერთის არ რწმენა აბსურდი...

ვოლტერი

„ათეიზმი არის გზა რომელიც უნდა გაიარო, რათა შენს თავთან მაქსიმალურად ახლოს მიხვიდე” - ამბობს 32 წლის ოთო. „არავის მონა არ ხარ. ქედს არც არავის წინაშე იხდი და არც სხვას ამონებ. მე არ ვარ ჩარჩოებში მოქცეული. ვცხოვრობ 21–ე საუკუნეში და, ჩემი გადმოსახედიდან, შემიძლია ვთქვა, რომ ვიღაცისთვის რელიგია შვებაა, ჩემთვის კი არაფერია“ – აღნიშნავს ოთო, რომელიც ათეიზმს აბსოლუტურ თავისუფლებასთან აიგივებს. „უკვე აღარ მაინტერესებს ვიღაცის აზრები, ადრე დისკომფორტს განვიცდიდი იმის გამო, რომ ჩემთან იმ მომენტამდე მეგობრობდნენ, სანამ გაიგებდნენ „ვინ“ და „როგორი“ ვიყავი. შემდეგ შორს იჭერდნენ თავს“... ის რომ დისკომფორტი აღარ აქვს და ნაკლებად აინტერესებს ხალხის შეხედულებები, იმანაც გამოიწვია რომ ამ თემაზე იშვიათად საუბრობს. როცა რელიგიურ დღესასწაულებს ულოცავენ, აღარ ეუბნება რომ არ სწამს, თვითონაც მილოცვით პაუხობს. ოთო თვლის, რომ „რელიგიას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, როგორი პიროვნება ხარ, როგორი ქმედებები გაქვს ჩადენილი“.

ოთო ერთ ერთი ტელეკომპანიის კომპიუტერული გრაფიკოსია. მანამდეც ტელევიზიაში მუშაობდა, მაგრამ თანამშრომლების შემცირების გამო უსამსახუროდ დარჩა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი. შემდეგ კი კომპიუტერული გრაფიკა შეისწავლა და სურს ამ კუთხით უფრო მეტად განვითარდეს. უყვარს ექსპერიმენტალური მუსიკა და მძიმე მეტალი, რომელთა მოსასმენად, რამდენჯერმე, გერმანიაშიც გაემგზავრა. „მიყვარს ნაფიქრი და რთულად მოსასმენი მუსიკა“ – ამბობს ის.

21 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს ოთო, თავის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, მთელი ღამე ეკლესიაში ლოცულობდა... შემდეგ იშვიათად თუ ესტუმრებოდა ტაძარს. 15 წლის ასაკში კი, მას ხელთ ჩაუვარდა კომუნისტების საყვარელი მწერლის, ზენონ კასიდოვსკის „ბიბლიური თქმულებები“, რამაც მის სულიერ ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა: „წიგნი არის ძველი და ახალი აღთქმის შესახებ. ყოველი თავის ბოლოს, მეცნიერული არგუმენტებითა და ლოგიკური მსჯელობით, ნულზეა დაყვანილი ყოველივე ღვთიური, ჯადოსნური მომენტები. ამ პოზიციამდე, ადრე თუ გვიან, მაინც მივიდოდი, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ წიგნის წაკითხვის შემდეგ რევოლუცია მოხდა ჩემს არსებაში“ – ამბობს ოთო.

32 წლის ათეისტი რელიგიურ კანონებსა და თავის მრწამსს შორის საერთოსაც პოულობს: „ის მცნებები (ბიბლიის 10 მცნება – ავტ.) მისაღებია ჩემთვის. რელიგიას თავი რომ დავანებოთ, ეს კანონები ჩემიანია. იქ წერია, რომ კაცმა უნდა იცხოვროს ზნეობრივად. მათ ფუნდამენტში დევს სიკეთე, კეთილშობილური იდეები, რომლებსაც ვეთანხმები“.

ბიბლიის 10 მცნებიდან პირველის თანახმად: „მე ვარ ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე“.

„არავინ არ იცის ღმერთის არსებობის შესახებ. არც იმ მქადაგებლებმა, რომლებიც რელიგიას იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს, თავისი პირადი მერკანტიული შეხედულებების გამოსავლენად“ – ამბობს ოთო. „არც ის მწამს აღდგომაზე ვოთომ ცეცხლის გარდმოსახვა რომაა. ვიღაცა ზის და ანთებს ცეცხლს. „ბლეფია“, რომელზეც ხალხი ტყუვდება, მეტი არაფერი. ვიღაცას უნდა მოტყუვდეს და ტყუვდება, ვიღაცას - არა“ – აღნიშნავს ის.

ცნობილი ფრანგი მთემატიკოსი ბლეზ პასკალი ადამიანის სამ კატეგორიას გამოყოფდა: პირველნი ემსახურებიან ღმერთს, იმიტომ, რომ უკვე იპოვეს. მეორენი ეძებენ, იმიტომ რომ არ უპოვიათ, მესამენი – არც ეძებენ და არც უპოვიათ. ამათგან, პიველნი ბედნიერნი და კეთილგონიერნი არიან. მეორენი – უბედურნი და კეთილგონიერნი. მესამენი კი უბედურნი და უკეთურნი.

სამების ტაძრის ღვთისმსახურის, დეკანოზის, იაკობ აბაშიძის თქმით, რწმენა არის არხილულის დაჯერება: „არის ისეთი საგანი, თუ არ დაინახე ვერ ირწმუნებ და არის ისეთი რამ, თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ“. დეკანოზი აღნიშნავს, რომ „ურწმუნოება არაგამოძიებაა ღმერთისა. შეიძლება გაშლილ სუფრაზე მიხვიდე, მიირთვა ყოველივე და წახვიდე ისე, რომ მადლობა არა თქვა, არ იკითხო ვინ გააკეთა? დედამიწაზე რაც არსებობს, წყალია თუ პურია, ესენი ხომ ჩვენ არ შეგვიქმნია. ნუთუ ამას არა ჰყავს გამჩენი? ნუთუ ჩვენ თავადაც ასე უაზროდ გავჩნდით, როგორც ათესტები ამბობენ, აფეთქების შედეგად? აფეთქების შედეგად ასეთი ლამაზი რამ, რასაც სამყარო ქვია, არ შეიძლებოდა გაჩენილიყო. ეს უფრო ძნელი დასაჯერებელია, ვიდრე ის რომ ღმერთმა შექმნა სამყარო“.

საღვთო წიგნების მიხედვით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული არსებობას იმ ქვეყნად განაგრძობს. ათეისტები კი თვლიან, რომ იმქვეყნიური ცხოვრება არ არსებობს: „იმვეყნიური ცხვრება იმ გაგებით, როგორც ქრისტიანები და არა მარტო ისინი აღიქვამენ, არ არსებობს. მეცნიერებიდან გამომდინარე, ენერგია არასდროს იკარგება. ალბათ, რაღაც გარდასახვა არსებობს. მე მკითხაობას ვერ დავიწყებ, მოვა დრო და გავიგებ“ – ამბობს ოთო.

ბათუმის მეჩეთის წინამძღვარის, ზინურ იაკობიძის თქმით ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ სხვა სამყაროში გადაინაცვლებს: „რომ გარდავიცვლებით და ღმერთს ჩავბარდებით, მისი დიდსულოვნების იმედი ყველას უნდა გვქონდეს. თუმცა ყველამ მის საქციელზე პასუხი უნდა აგოს. საღვთო წიგნებში წერია, რომ ყველა თავისი საქციელის პასუხისმგებელია იმქვეყნად. ურწმუნოს ის ქვეყანა არ წამს, ამიტომაც არაფერზე არ დარდობს“. ზინურ იაკობაძე ურწმუნოების ძირითად მიზეზად კომუნისტურ წყობას ასახელებს.

საქართველოში ათეიზმის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა:

· ათეისტს და მორწმუნეს ერთი საერთო აქვ: ორივე ღმერთზე ფიქრობს, მხოლოდ სხვადასხვა კუთხით...

· ქართველი ათეისტები ღმერთზე გამწყრალი მართლმადიდებლები არიან...

· ათეისტებსაც თავიანთი ღირებულებები აქვთ. ამ ცხოვრებაზე გაბოროტებულნი არიან. ალბათ, რაღაც მიზეზი აქვთ, რის გამოც დაკარგეს რწმენა უფლისადმი.

· ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი სწამთ, მაგრამ ათეისტებად ნაკლებად შეიძლება ჩაითვალონ, რადგან ისეთ ეპოქაში არიან დაბადებულები, რომ არ ქონდათ ეკლესიათან შეხება და ნაკლებად მორწმუნეები არიან.

· ათეისტები საქართველოში არ არსებობენ, მინდა ვიყო ათეისტი-ები არიან ჩვენთან.

მორწმუნე ადამიანებს, რომელ რელიგიასაც არ უნდა ემსახურებოდნენ, ათეისტების მიმართ ერთი მიზანი აქვთ: – მათ სურთ, მოაქციონ ათეისტები წმენაზე. „ადამიანი რწმენით ცხოვრობს და მოღვაწეობს. ურწმუნო ადამიანები უბრალოდ მეცოდებიან და ვცდილობ, რომ ხშირად ვესაუბრო მათ სარწმუნოებაზე. თუმცა ხანდახან ვხვდები, რომ უფრო დიდ ცოდვაში ვაგდებ მათ ჩემი საუბრით და მირჩევნია გავჩუმდე“ – აღნიშნავს 20 წლის რუსკა ჭელიძე.

ბათუმის მეჩეთის წინამძღვარი ამბობს: „მორწმუნეებს მუდმივად გვაქვს პროპაგანდა ურწმუნო ადამიანებთან, მაგრამ 100 % დან 5 % თუ მოგისმენს. ხალხი უნდა აღზარდოს სკოლამ, თუმცა ოჯახსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორებიც ოჯახში არიან, ისეთები იზრდებიან ბავშვებიც“.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის პროფესორი, მიხეილ ქურდიანი, აღნიშნავს რომ, ვინმეს დევნა მრწამსის გამო არ შეიძლება: „მორწმუნე ადამიანებს ათეისტების მიმართ სიბრალულის გრძნობა უნდა ქონდეთ. ისინი არ უნდა სძულდეთ და ეზიზღებოდეთ. პირიქით, უნდა ლოცულობდნენ რომ ისინიც სწორ გზაზე დააყენოს ღმერთმა“.

ოთო ფიქრობს, რომ რელიგია ბოროტება არ არის. „რელიგიისგან ბოროტებას ქმნის ხალხი. მასა ძირითადი ბრმავდება და მიყვება იმ ხალხს“ – აღნიშნავს ოთო, რომელსაც არ უყვარს კონფლიქტური სიტუაციები, რასაც მისი აზრით, სოციალური მდგომარეობა განაპირობებს. „დღეს ხალხი ცხოვრობს ავტობუსის გაჩერებაზე, რათა დროზე გააღწიოს აქედან. არანაირი ფასეულობა, რაზეც ადამიანი გაწირავს თავს, არ არსებობს. შემოიღეს პატრიოტული ბანაკები, რომელიც, ჩემი აზრით, პიარია. ამით ვირტუალური პატრიოტიზმის შექმნას ცდილობენ. რეალურად საპატრიოტიზმო არაფერი დაგვრჩა“ – აღნიშნავს ოთო.

ოთო ამერიკაში გამგზავრებასა და მუშაობაზე ფიქრობს. ის ოჯახის შექმნას ჯერ არ აპირებს, თუმცა მორწმუნე ადამიანი თუ შეუყვარდება, სარწმუნოების ფორმალური სახით მიიღებაზე უარს არ იტყვის: „იმან რომ მთხოვოს სარწმუნოებას მივიღებ, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალური იქნება, მას რომ არ ეწყინოს“.

დეკანოზი, იაკობ აბაშიძე ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ქონდეს რთული პერიოდი ცხოვრებაში. როცა მას ღმერთი არ ახსოვს და გარკვეულწილად ათეიზმსაა მინდობილი. თუმცა ადამიანს უდგება ჟამი დიდი სიხარულისა ან გასაჭირისა და ის სცნობს ღმერთს. „შევაგონოთ ერთ–ორჯერ და თუ არ მიიღებენ განვეშოროთ. კეთილი მარცვალი ჩავთესოთ. ის შეიძლება იქვე არ გაღვივდეს, იქვე არ მოგვცეს შედეგი. მაშინვე რომც ირწმუნოს, არც არის დასაჯერებელი – ფარისევლობა იქნება. ყოფილა შემთხვევები , როცა სიცოცხლის ბოლოს აღმოცენებულა ასეთი მარცვლები... ავაზაკი, რომელიც მათხოვრის გვერდით დააყენეს, ჯვარცმის დროს აღიარა უფალი, სთხოვა მას შენდობა და საოცარი სიტყვა თქვა: „მომიტევე მე უფალო პირის ბრუნება შენი“.